დღეს, 4 აპრილს პარლამენტის სხდომაზე, სადაც თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას უსმენენ, სამინისტროდან წასული მფრინავი ქალი სტუმრის სტატუსით არ შეუშვეს. მფრინავი უწყების თანამშრომლებს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

ევროპული საქართველოს წევრის, ელენე ხოშტარიას თქმით, სხდომაზე არშეშვების მიზეზად პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "რისკების გამორიცხვა" დაასახელა.

ეკატერინე ქვლივიძემ პარლამენტის დერეფანში, ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავდაცვის სამინისტროში სისტემური პრობლემებია:

"რა უფრო დიდი კანონდარღვევაა, მე როდესაც პროფესიული განვითარების საშუალება არ მქონდა, ხელოვნურად შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იძულებული გავხდი კონტრაქტი დამერღვია და წამოვსულიყავი, თუ ის უფრო დიდი კანონდარღვევაა, რომ დღეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ამხელა პრობლემაა".

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ თქვა, რომ ის "აფასებს" ეკატერინე ქვლივიძის ცოდნასა და გამოცდილებას. იზორიას განმარტებით, მას კონტრაქტი ავალდებულებდა, არ დაეტოვებინა უწყება:

"ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა გამოყო 51 ათასი ამერიკული დოლარი, იმისთვის, რომ მას მიეღო განათლება აშშ-ში. ამას წინ უძღოდა ასევე ეროვნული ბიუჯეტიდან 10 ათასობით თანხის გამოყოფა, რომელიც ასევე მის კვალიფიკაციას მოხმარდა. როდესაც საზღვარგარეთ იღებ მნიშვნელოვან განათლებას, რომელიც დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული, ეს აჩენს გარკვეულ ვალდებულებებს კონტრაქტში. კერძოდ, მას არ აქვს უფლება, დატოვოს სამხედრო ძალები უმიზეზოდ 8 წლის განმავლობაში".

ყოფილი მფრინავი ამბობს, რომ გენდერული დისკრიმინაციის გამო იძულებული გახდა უწყებიდან წამოსულიყო. მისი თქმით, ხელმძღვანელმა უთხრა, რომ უწყების ინტერესებში არ შედიოდა ქალი მფრინავზე დაეხარჯა არსებული მცირე რესურსები. მისივე თქმით, ამ დროს ხელძღვანელის ფუნქციას სამხედრო მოსამსახურე სიმონ წიკლაური ასრულებდა.

"იმისათვის, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მემსახურა და სამხედრო მფრინავი ვყოფილიყავი ძალიან ბევრი სტერეოტიპი დავარღვიე, ბევრი ვიბრძოლე. ძალიან ბევრი სასწავლო კურსი გავიარე, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო. ყველა წარმატებით და არცერთი საყვედური არ მიმიღია. იმიტომ, რომ ეს იყო ჩემი მოწოდება", — აცხადებს ქვლივიძე.

ქვლივიძის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი დაიცავს. მათი განცხადებით, უწყება კონტრაქტის გაწყვეტის გამო 28 000 ლარიან ჯარიმას ითხოვს, რაც აბსურდულად მიაჩნიათ.