პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ადა მარშანია ითხოვს, ეთიკის საბჭომ განიხილოს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის ქმედება, რა დროსაც მან ემზარ კვიციანს მიკროფონი გაუთიშა.

ადა მარშანიას თქმით, ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი. ასევე ის არ ეთანხმება ჩუგოშვილის განცხადებას, რომ ემზარ კვიციანს დისკრიმინაციული გამოსვლა ჰქონდა.

"უფრო მეტიც, მან გაბედა და გამოურთო ბატონ ემზარს მიკროფონი იმ დროს, როცა ბატონი ემზარი პატრიარქის ქადაგებას კითხულობდა და ციტირებდა მას და ესეც შეაფასა, როგორც დისკრიმინაციული და არაეთიკური ტექსტი და საქციელი", — განაცხადა ადა მარშანიამ.

გუშინ, 3 აპრილის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავდნენ ემზარ კვიციანის ინიციატივას ანტიდისკრიმინაციული კანონიდან სიტყვების: "გენდერული იდენტობისა" და "სექსუალური ორიენტაციის" ამოღების შესახებ. სიტყვით გამოსვლის ბოლოს ემზარ კვიციანმა საქართველოს პატრიარქის ქადაგების წაკითხვა დაიწყო, რა დროსაც თამარ ჩუგოშვილმა დეპუტატს მიკროფონი გაუთიშა. თამარ ჩუგოშვილმა კვიციანს პარლამენტის წევრის ეთიკის პრინციპები შეახსენა.

"თქვენ არ გაქვთ უფლება დისკრიმინაციული გამოსვლების, მთლიანად თქვენი ინიციატივა არის სრულიად დისკრიმინაციული და სცადეთ მაინც ცოტა ეთიკურად გამოხატოთ თქვენს ინიციატივასთან დაკავშირებით პოზიცია", — განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.