გუშინ, 3 აპრილს TV პირველმა ფარული აუდიოჩანაწერი გაასაჯაროა, რომელშიც, სავარაუდოდ, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე თანმდებობის დატოვების მიზეზებზე საუბრობს. სავარუდოდ, ხაბაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მას წასვლა დაბალი რეიტინგის გამო სთხოვა, მაგრამ ვარაუდობს, რომ მიზეზი დეპუტატებთან, გია ვოლკისა და ერეკლე ტრიპოლსკისთან დაპირიპირებაა ბიზნესინტერესების გამო. ამავე ჩანაწერში, სავარაუდოდ, ხაბაძე არ გამორიცხავს მისი შემცვლელის, ზურაბ პატარაძის პოლიტიკურ ინტერესებსაც.

ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. თავად ხაბაძე TV პირველთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საუბარს ვერ იხსენებს და თავის ხმას ვერ ცნობს. თუმცა, ის ამბობს, რომ "პროვოკატორებთან" იმას საუბრობდა, რაც მათ აინტერესებდათ და მცდარ ინფორმაციას მიზანმიმართულად აწვდიდა.

ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ მათ ჩანაწერი ქართული ოცნების მხარდამჭერმა პირმა, არჩილ გვიანიძემ მიაწოდა. მათი თქმით, ჩანაწერის სრული ვერსია ერთსაათიანია და ისინი ნაწილს ავრცელებენ.

ჩანაწერში უცნობი პირისა და სავარაუდოდ, ხაბაძის საუბარია:

ხაბაძე: გიორგი რაცხაზე იყო ნაწყენი და არ ამბობდა, მე ერთ-ორჯერ ვუთხარი
უცნობი: გიორგი?
ხაბაძე: კვირიკაშვილი. ცხვირი გაშვერილი დარჩა, რა ვიცი, მე იგი ხომ არ ვარ.
უცნობი: ისე რა იყო თემა
ხაბაძე: ვერ მივხდი რაცხა
უცნობი: დღემდე არ იცი?
ხაბაძე: დღემდე არ ვიცი. ბოლო შეხვედრა რომ იყო და ჩავიყვანე უმაღლესი საბჭოდან ჩემი მინისტრები, ვერ მივხვდი 13 მინისტრი დამახვედრა და რაცხა ყ.. სიტუაცია შეიქმნა და ამის გამო არ იყო, რაცხა ჩაჩორტეს, ვერ მივხვდი. ვერ ვხვდები
უცნობი: დღემდე არ იცი მიზეზი რა უნდა?
ხაბაძე: არა, მე მითხრა მიზეზი სისხლის გადასხმაა საჭიროო და მერე მაქ ვოლსკი
უცნობი: სისხლის გადასხმაა საჭიროო ესე იგი ჩემს ფლანგზე გადმო და ჩემთანოი?
ხაბაძე: არა, სისხლის გადასხმაა საჭირო რეგიონში, მაქ პარტიის ვოლსკები და ტრიპოლსკებიც დამიპირისპირდნენ
უცნობი: ვოლსკიც დაგიპირისპირდა და ტრიპოლსკიც?
ხაბაძე: ხო, ახლა მაგენს ბიზნესები უნდოდათ აქ და მე ჩავჩეხე, მივჩეხე, მოვჩეხე
უცნობი: არ უკეთებდი?
ხაბაძე: არა, არ ვუკეთებდი, ტირ-პარკი მაგის არააა, ვოსლკის...
უცნობი: რომელი ტირ-პარკი?
ხაბაძე: მეორე, იგი რომაა...
უცნობი: ანუ მაი ვოლსკისაა?
ხაბაძე: მაგან იჩალიჩა, მერე ტრიპოლსკი მაგერ არ გვყავდა ქობულეთში რომ ლაზიშვილს პატრონობდა და რაცხა, ახლა ჩაბარებული რომაა ტრიპოლსკის...
უცნობი: კაროჩე მაგენის ტენდერები და შავბნელი საქმეები ჩაჩეხე და
ხაბაძე: ვჩეხავდი სერიოზულად
უცნობი: მერე მაი ბიძინამ არ იცის ყველაფერი, თუ არ ეუბნებოდი?
ხაბაძე: ხო, ბიძინასთან რომ დამდგარიყო საკითხი, ვიტყოდი, აბა არ ვიყოდი, არ დადგა ეხლა, იქამდე ვერ არ აქონდათ, მერე გიორგისთან თქვეს, ჩვენ რომ ბათუმი, აჭარა მოვიგოთო, ხაბაძის რეიტინგი დაბალიაო, მარა ბიძინას რომ ველაპარაკე ბათუმში არ გაქვსო. ბათუმში რატომ მაქვს დაბალი მე ვუთხარი და ქობულეთში ნორმალური და ზედა რეგიონებში ძაან მაღალი. იმიტომ, რომ ერმაკოვი ყ.. არ მემორჩილება მე ვუთხარი და აკეთებს მისებურად და...
უცნობი: ერმაკოვს [ბათუმის ყოფილი მერი] კიდევ მილიონები აქვს გადარიცხული...
ხაბაძე: მე ვუთხარი, აბა, რაა, რეალობა სახეზეა, აბა, ზედა რაიონებში, ხელვაჩაურში და ქობულეთში ნორმალურია, მაინც საქმე კეთდებოდა ეხლა და. ნუ ბათუმშიო, ბათუმი მთავარიაო და ეს იყო მიზეზი, ბიძინას რომ ველაპარაკე ეფექტურობა უნდა გავზარდოთ აჭარაშიო. მერე დეემთხვა ეს ბულვარის თემაც და...
უცნობი: ესე იგი, კვირიკაშვილს დღემდე არ იცი რა უნდა, მარა მაქ მაგია ალბათ, ვოსლკმა და იგენმაც შეასრულეს და იქედან ის ფლანგი, აქედან ის ფლანგი
ხაბაძე: დეპუტატები ისე ამბობდნენ, რომ პორემიერს უნდა ვუთხრათო, ერთმა დეპუტატმა მითხრა და ეტყობა იგიც და, არაა გამორიცხული ამის ნაჩალიჩარიც იყოს
უცნობი: ვისი?
ხაბაძე: თვითონ პატარაძის და მისი უკანა ფლანგებით და...
უცნობი: ვისი? პატარაძის?
ხაბაძე: ჰო

"შენი ხმა შენ რო გესმის სხვანაირია და ჩანაწერი სხვანაირია, შეიძლება არის ჩემი ხმა, მარა..." — განაცხადა ხაბაძემ ფარული ჩანაწერის მოსმენისას.

ქართული ოცნების მოქმედი დეპუტატი ამბობს, რომ მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ბევრ პროვოკატორს გაუჩნდა კითხვა და მან რამდენიმე "დააფიქსირა" კიდეც. მისი თქმით, ამ ხალხთან სპეციალურად საუბრობდა "ასე" და აინტერესებდა ის, "რა აინტერესებდათ მათ და რა მიზანი ჰქონდათ".

დეპუტატი ამბობს, რომ გია ვოლსკის ბიზნესინტერესები ან მასთან ამ საკითხზე კომუნიკაცია არ ჰქონია და მისი სახელი, უბრალოდ, გამოიყენა, რადგან "იმ მომენტისთვის საჭირო იყო". კითხვაზე, იცის თუ არა ვოლსკიმ, რომ მისი სახელი სიცრუისთვის გამოიყენა, ხაბაძე პასუხობს: "არ მგონია, ბატონ გიას ახლა, არ ვფიქრობ, რომ მე..."

ქართული ოცნების ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჩანაწერის მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ "მოგონილი თემაა". მისი თქმით, ხაბაძემ უნდა თქვას, თუ რამე აქვს სათქმელი და აღნიშნულ ჩანაწერზეც განცხადება გაავრცელოს.

"არსად, არც აჭარაში, არც გონიოში, არც საქართველოში არანაირი კომერციული ინტერესი არ მქონია... მე ვუშვებ, რომ რაღაც პროვოკაცია მართლაც მოხდა და არჩილ ხაბაძე შეცდომაში შეიყვანეს, როგორც თვითონ განმარტა", — განუცხადა ვოლსკიმ TV პირველს.

ჩანაწერში ნახსენებია ქართული ოცნების კიდევ სამი მაღალჩინოსანი. ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, დეპუტატი ერეკლე ტრიპოლსკი და ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი.

ბათუმელებთან საუბარში ერმაკოვმა განაცხადა, რომ ჩანაწერი არ მოუსმენია, მაგრამ ხაბაძესთან "კოლეგიალური ურთიერთობა მქონდა და დღემდე გადასარევი ურთიერთობა მაქვს".

On.ge ცდილობს დეპუტატ ერეკლე ტრიპოლსკისთან დაკავშირებას. მის კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.