შეუდარებელი ბრიტანელი მსახიობი, ოსკარის წლევანდელი ნომინანტი რეიჩელ ვაისი სულ მალე მარველის კინოსამყაროს შეუერთდება. მსახიობთან მოლაპარაკებები ფილმში Black Widow მონაწილეობაზე მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა Variety-ის წყარო ამბობს, რომ ინტერესი ორივე მხრიდან დიდია და მალე ვაისი კონტრაქტსაც მოაწერს ხელს.

გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ სკარლეტ იოჰანსონს შავ ქვრივში სერიალ Stranger Things-ის მსახიობი, დევიდ ჰარბორი შეუერთდა.

მარველის შავი ქვრივი, იგივე ნატაშა რომანოვა, კომიქსების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სუპერგმირია, რომელიც ისევე როგორც ბევრი სხვა პერსონაჟი, სტენ ლიმ შექმნა.

შავი ქვრივი ერთ-ერთი პირველი შურისმაძიებელია, მის როლს კი ფილმების სერიაში სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს. პირველად ეს პერსონაჟი 2010 წელს რკინის კაცი 2-ში გამოჩნდა, შემდეგ კი შურისმაძიებლებისა და კაპიტანი ამერიკას ფილმებში.

აღსანიშნავია, რომ ამ ფილმში სკარლეტ იოჰანსონს $15 მილიონს გადაუხდიან, ზუსტად იგივე ჰონორარს რასაც კრის ევანნსა და კრის ჰემსვორტს უხდიან მარველის ფილმებში შესრულებული როლებისთვის.