ბევრი ცრუ ინფორმაცია ტრიალებს ტერმინ ინტროვერტის გარშემო — თითქოს ისინი ანტისოციალურები, არამეგობრულები, მარტოსულები და მორცხვები არიან. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ინტროვერტად ყოფნა სასარგებლოა.

"ინტროვერტები არიან ადამიანები, რომლებიც მარტო ყოფნის დროს ივსებიან ენერგიით. მათ აქვთ ელემენტი, რომელიც სწორედ მარტო ყოფნის დროს იტენება", - ამბობს ექიმი ჯენიფერ კანვეილერი, წიგნის The Introverted Leader: Building on Your Quiet Strength ავტორი.

2008 წლის კვლევის თანახმად, აღმოჩნდა, რომ ინტროვერტებს უფრო დიდი დრო სჭირდებათ ინფორმაციის გადასამუშავებლად, ვიდრე ექსტრავერტებს. ისინი ექსტრავერტებზე გაცილებით ღრმად ერთვებიან ფიქრის პროცესში და ამიტომაც სჭირდებათ მეტი დრო ინფორმაციის ბოლომდე გასააზრებლად.

წარმოგიდგენთ ხუთ სასარგებლო თვისებას, რომელიც, უმეტესად, ინტროვერტებს ახასიათებთ:

1. ისინი კარგი მსმენელები არიან

"სწორედ ჩვენ ვართ ის მეგობარი, ან კოლეგა, რომელსაც ნებისმიერ დროს შეგიძლია მიმართო. იმის მიუხედავად, როგორ გრძნობ თავს — ცუდად, თუ პირიქით, კარგი ამბები გაქვს მოსაყოლი. ჩვენ გვაქვს უნარი, მუდმივად გისმინოთ და არ დავიწყოთ ისტორიების თხრობა საკუთარ თავზე", - აღნიშნავს ბეტ ბულო, წიგნის The Introvert Entrepreneur: Amplify Your Strengths and Create Success on Your Own Terms ავტორი.

"ექსტრავერტებს საუბარში "ჩახტომა" ახასიათებთ, სანამ ზუსტად გაიგებენ, თუ რას ფიქრობს სხვა. ეს არ ხდება მათი ეგოიზმის გამო, ისინი უბრალოდ ინტერაქციულად ამუშავებენ ინფორმაციას", - ამბობს ექიმი ლორი ჰელგო და აგრძელებს, რომ ინტროვერტები ინფორმაციას საკუთარ თავში იაზრებენ.

სწორედ ეს უნარი აძლევთ მათ საშუალებას, კარგი მსმენელები იყვნენ, გაგიგონ და ზუსტად ის რჩევა მოგცენ, რომელიც იმ დროს გჭირდება.

2. ისინი ფიქრობენ, სანამ რამეს იტყვიან

ფოტო: Jason Tan/Medium

ბულოს თანახმად, ინტროვერტები მხოლოდ მაშინ საუბრობენ, როცა სათქმელი აქვთ, შესაბამისად, მათ სიტყვებს უფრო დიდი ზეგავლენა აქვთ სხვებისთვის.

მათ, შესაძლოა, დიდი ხანი დასჭირდეთ საკუთარი აზრების ჩამოსაყალიბებლად იქამდე, სანამ მის გაზიარებას დაიწყებენ, რაც მნიშვნელოვან შეხვედრაზე ხელისშემშლელი შეიძლება აღმოჩნდეს.

"გატეხე შენივე ყინული. შენი იქ ყოფნა თავიდანვე დაამტკიცე საუბრით. იქამდე, სანამ მსჯელობა შეჯიბრის სახეს მიიღებს", - ამბობს ის.

სიტყვების გონივრულად შერჩევის უნარი ინტროვერტების მთავარი ნიშაა.

"ზოგი ადამიანი თავის აზრებს ყველას თავს ახვევს, სოციალურ ქსელში შემთხვევითობის პრინციპით დებს პოსტებს. ეს ინტროვერტებს არ ეხებათ. მათ დაპოსტვაზეც კი სტრატეგია აქვთ", - აღნიშნავს ექიმი კანვეილერი.

3. ინტროვერტების "სუპერძალა" — დამკვირვებლობა

იმის გარდა, რომ კარგი მსმენელნი არიან, ინტროვერტები სხვა "სუპერძალასაც" ფლობენ, რაც მათი დაკვირვების დახვეწილ უნარებში გამოიხატება.

"ჩვენ ვამჩნევთ ისეთ რაღაცებს, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. იმიტომ, რომ ისინი ყველაფერს ხმამაღლა გამოხატავენ", - ამბობს ექიმი ბულო.

თუ შეხვედრაზე ინტროვერტი ჩუმად ზის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ინფორმაციის გადამუშავების პროცესშია და რაციონალური დასკვნები გამოაქვს.

ტიპური ინტროვერტი თავის დამკვირვებლურ ბუნებას იყენებს, რათა შეხვედრის ოთახი შეისწავლოს. ისინი უფრო მეტად ადამიანების სხეულის ენას და სახის გამოხატულებებს ამჩნევენ, რაც შემდეგ გაცილებით უადვილებთ კომუნიკაციას.

4. ინტროვერტები — კომუნიკაციის ოსტატები

ფოტო: Toggl Blog

ხშირ შემთხვევაში, ინტროვერტებისთვის ძალიან ცოტა ახლო მეგობრის ყოლაა მისაღები. ნდობაზე აგებული ურთიერთობები მათი მეგობრობის მაღალ ხარისხზეც მიუთითებს.

"ინტროვერტები პრეტენზიულები არიან იმაში, თუ ვინ გახდება მათი ცხოვრების ნაწილი. ეს, გარკვეულწილად, მათ ენერგიასაც მოითხოვს. ასე რომ, თუ მათ შიდა წრეში მოხვდი, ეს მართლაც ბევრს ნიშნავს", - ამბობს ექიმი ბულო.

სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ინტროვერტები ყველაზე ლოიალური, ყურადღებიანი და ერთგული მეგობრები არიან.

რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობებს, ისინი დამღლელი დღის მიუხედავად, მზად არიან საღამოს პარტნიორის ისტორიები დაუღალავად ისმინონ. ინტროვერტებს ჯერ სხვისი გაცნობა, სხვისი ისტორიების ცოდნა უყვართ, სანამ საკუთარს გაუზიარებენ, ამიტომაც მათთან ურთიერთობა ნებისმიერ დროს ძალიან საინტერესოა, რადგან მათზე მუდმივად ახალ-ახალი ინფორმაციების გაგება შეგიძლია.

ყოფნა დიდ ჯგუფში, რომლის მიზანიც შეხვედრა, ლაპარაკი და პირველი შთაბეჭდილების მოხდენაა, შეიძლება საკმაოდ ამაღელვებელი იყოს ინტროვერტებისთვის. მაგრამ, როგორც ბულო ამბობს, მათ შეუძლიათ თავიანთი ბუნებრივი სიძლიერე გამოიყენონ, რათა მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარონ ადამიანებთან. ექსტრავერტები ამ დროს ძალიან ბევრ ადამიანს ელაპარაკებიან, რამაც შეიძლება ერთიანი შთაბეჭდილება ვერ მოახდინოს.

5. ისინი გულშემატკივარი ლიდერები არიან

როგორც ექიმი ჰელგო ამბობს, ინტროვერტს შეუძლია იყოს საუკეთესო ლიდერი. იმის მიუხედავად, რომ თავიდან ამის საჭიროებაში დარწმუნებულნი შეიძლება არ იყვნენ და არც საზოგადოებაში ცენტრალური ადგილით ან ჯგუფის წარმატების საკუთარ თავზე მითვისებით იყონ დაინტერესებულნი.

თუმცა, მათ შეუძლიათ ყურადღება გაამახვილონ ჯგუფის თითოეული წევრის სიძლიერეზე.

"ექსტრავერტი ლიდერი შეიძლება შესამჩნევი იყოს, თუმცა, ამ შემთხვევაში, უფრო მეტად ლიდერი ჩანს და არა მისი ჯგუფი", - აღნიშნავს ექიმი.

როგორც უკვე ვთქვით, ინტროვერტებს დიდი ხანი სჭირდებათ ინფორმაციის დასამუშავებლად, შესაბამისად, ეს საუკეთესო შესაძლებლობაა იმისა, რომ უფრო მეტი ისწავლონ მათ დაქვემდებარებულზე. აქედან გამომდინარე, ისინი ჯგუფის წევრებს ეხმარებიან, რათა სუსტი მხარეები დაძლიონ და უფრო ბედნიერები და ეფექტიანები იყვნენ მუშაობისას.

ასე რომ, ექსტრავერტებო, ემეგობრეთ ინტროვერტებს და გაუგეთ მათ მაშინ, როდესაც მარტო ყოფნა სურთ.