ბათუმის ქუჩები ისევ დაიტბორა. ზღვისპირა ქალაქში მოსახლეობამ უკვე ტრადიციად აქცია უამინდობის შემდეგ ქუჩებში სეირნობა და ბანაობა. დატბორილი ქუჩები ბათუმელებისთვის, ხელშემშლელი ფაქტორის ნაცვლად, გართობის საშუალებად იქცა.

ინტერნეტში გავრცელებული კადრები On.ge-მ თქვენთვის შეაგროვა.

ვინ თქვა ზაფხული დამთავრდა და ბათუმში უამინდობის გამო ზღვაზე ვეღარ ვიბანავებთო? ზღვაზე თუ არა ადგილობრივები ბათუმის ქუჩებში ბანაობენ. ტურისტებისთვის ყველაზე მომხიბვლელი შეთავაზებაა საცურაო სივრცე სახლიდან ერთ ნაბიჯში, სადარბაზოსთან. თქვენ თუ ვერ მიხვალთ ზღვასთან, ზღვა მოგაკითხავთ ეზოში. მალე ბინების გაქირავება ქალაქში მსგავსი რეკლამით დაიწყება.

ეს ამბავი ტურისტებისთვის ყველანაირად მომხიბვლელია, თან ადგილობრივები ბათუმს ბარსელონას კი არა, უკვე ვენეციას ადარებენ.

სკოლის დაწყებიდან მეორე დღეს, მოსწავლეებმა აღმოაჩინეს, რომ ახალი საგანი, თავისუფალი ცურვა, დაემატათ. აშკარაა, რომ მშობლები და ბავშვებიც საკმაოდ მოწადინებულად ჩაერთვნენ სასწავლო პროცესში.

მხოლოდ სკოლის მოსწავლეებს კი არა, საზღვაო აკადემიის სტუდენტებსაც გაუმართლათ. ისინი ჯერ კიდევ სწავლის პროცესში გადიან პრაქტიკულ კურსს.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ წვიმა რომანტიკულ გარემოს ქმნის. შანსი გიჩნდებათ, ვინმემ ხელით გატაროთ ან ნავით გაგასეირნოთ. ეს უკვე გემოვნების საკითხია.

თავის მხრივ შემეცნებითი ფორმაც მიიღო პროცესმა და ასე თუ გაგრძელდა ეგებ გინესის რეკორდების წიგნშიც აღმოვჩნდეთ.

ლექსების წერაც კი დაიწყეს. მაგალითად ფეისბუკ გვერდის ბათუმი / Batumi ერთ-ერთი მომხმარებელი ჯანო ნოღაიდელი ქალაქს ცნობილი ლექსის ახალი რიმეიქით ესიყვარულება.

"ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა
გორკი, ჭავჭავაძე ენგელსს თანა
ფეხი წყალში ჩამივარდა
მომძვრა კალოში პრადას თანა
გავხედე და გამოვხედე
წყალში ვტოპავ განდა-განას.

ბათუმო ჩემო"

საერთო მხიარულებაა ქალაქში.

მოსახლეობის ნაწილი აღშფოთებასაც გამოხატავს ან, შეიძლება, მერს საცურაოდ იწვევს.

აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ ადგილობრივები თოვლშიც კი ახერხებენ გასარუჯი ადგილის პოვნას.

ზაფხულში სეიშელის კუნძულებსა და მაიამის ვუწევთ კონკურენციას, შემოდგომაზე - ვენეციას და ზამთარში - შვეიცარიაზე ნაკლები სამთო კურორტი კი არაა ეს უცნაური ქალაქი. დაიმახსოვრეთ წვიმს, თოვლს თუ დარია ამ ქალაქში, ყოველთვის მოახერხებთ გართობას, მთავარია ბათუმელებს მიბაძოთ და მეტი პოზიტივით მიუდგეთ რთულ სიტუაციებს.