ჯასტინ ბიბერი დიდი ხანია, რაც თავს "პრანკსტერს" უწოდებს, თუმცა მისი საპირველაპრილო ხუმრობა არც ისე კარგი გამოვიდა, როგორიც კანადელ მომღერალს ეგონა.

ბიბერმა ფანები შოკში ჩააგდო, როცა ინსტაგრამზე ცოლის, ჰეილი ბიბერის ექიმთან ვიზიტისა და ულტრაბგერითი ექოსკოპიის ფოტო გამოაქვეყნა.

მას შემდეგ, რაც პოსტებზე აღტაცებული ფანების მილოცვები და მილიონობით ლაიქი მიიღო, ბიბერმა დაწერა, რომ პირველ აპრილს ყველა გააცურა.

თუმცა, მის "პრანკს" საზოგადოება არც ისე კარგად შეხვდა. კრიტიკის მიზეზი მისი დაბალმგრძნობელობა გახდა იმ ოჯახების მიმართ, რომლებიც უშედეგოდ ცდილობენ შვილის ყოლას.

ბიბერმა ინსტაგრამზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბოდიშს იხდის და ამავდროულად წუხს, რომ ხუმრობა ვერ გაუგეს:

"ყოველთვის იქნება ვიღაც, ვინც წუხდება, ან ხუმრობა არ ესმის. მე პრანკსტერი ვარ და პირველი აპრილი იყო. სულაც არ ვფიქრობდი იმ ადამიანების განაწყენებას, ვისაც შვილი არ ჰყავს. ჩემი ბევრი ნაცნობი ატყუებს მშობლებს, რომ შვილს ელოდება, რომ მათი რეაქცია ნახოს. თუმცა, ამის მიუხედავად, ბოდიშს ვიხდი და პასუხისმგებლობას ვიღებ. მომიტევეთ, ვისაც გეწყინათ. მართლა არ მინდა, რომ ვინმე პრანკით განაწყენდეს. ამის მსგავსი რამ ადრეც დამემართა: ჩემს პატარა დას დაბადების დღეზე ტორტი სახეში შევაზილე, თუმცა მან სიცილის ნაცვლად ტირილი დაიწყო. ხანდახან არ იცი, ადამიანებს რა ეწყინებათ. თუმცა ახლა ორსულობას და სახეში ტორტს არ ვაიგივებ. ზოგი იცინის, ზოგი წუხდება. პრანკის დროს, ხან ერთს ელი, ხან მეორეს".

ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი ზაფხულში დაინიშნენ და 2 თვეში საიდუმლოდ იქორწინეს. ჰეილიმ ბოლდუინმა გვარიც შეიცვალა და ჰეილი ბიბერი გახდა. ვოგთან ინტერვიუში ჯასტინმა თქვა, რომ რელიგიის საპატივსაცემოდ, ქორწინებამდე წყვილს სექსი არ ჰქონია.