ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა აცხადებს, რომ მის შვილს, ბაჩანა შენგელიას დაზარალებულის სტატუსს ვერ მიანიჭებს.

უწყების განმარტებით სანამ სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, ია კერზაიას რომელიმე ნათესავი დაზარალებულად ცნოს.

როგორც პროკურატურა განცხადებაში წერს, ამ ეტაპისთვის გამოიკითხა ოცდაათამდე მოწმე და მიმდინარეობს სხვადასხვა გარემოების შესწავლა, მათ შორის ქ.ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების ამსახველი დოკუმენტაციისა და ზუგდიდის რესურს-ცენტრთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა. მათივე თქმით, დათვალიერებულია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას მიერ წარდგენილი, ჟურნალისტების მიერ სხვადასხვა პირთა გამოკითხვის ამსახველი დაუმონტაჟებელი ვიდეომასალა.

ამასთანავე, პროკურატურაში ამბობენ, რომ სკოლაში არსებული დარღვევების თაობაზე მიღებული საჩივრის ავტორის იდენტიფიცირებისთვის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა. უწყებაში განმარტავენ, რომ მიღებული აქვთ კერზაიას მკურნალობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და გარდაცვალების მიზეზზე დანიშნულია ექსპერტიზა.

პროკურატურამ ზუგდიდის სკოლის დირექტორის საქმეზე გამოძიება მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ On.ge-ს უთხრა, რომ დაზარალებულის სტატუსის მისაღებად პროკურატურას 29 მარტს მიმართა. როგორც ის განმარტავს, კანონი არასწორად არის ინტერპრეტირებული და დაზარალებულად ცნობისთვის ბრალის გამოკვეთა საჭირო არაა.

"ესენი კიდევ ამბობენ, რომ ელოდებიან ექსპერტიზას, რომელიც დაადგენს გარდაცვალების მიზეზს. გარდაცვალების მიზეზი არ არის სადავო გამხდარი. ეს ბარათში წერია, რა იყო და როგორ იყო. აპელირება იმაზე, რასაც თვითონ არ აკეთებენ და ამ არგუმენტით უარის თქმა არასწორია", — აღნიშნა შენგელიამ.

ბაჩანა შენგელია აპირებს, რომ უწყების გადაწყვეტილება გენერალური პროკურორის სახელზე გაასაჩივროს. დაზარალებულის სტატუსის ქონის შემთხვევაში შენგელიას საქმეზე წვდომა ექნება.

"თუ უნდათ მათ ობიექტურად გამოვიძიოთ ეს საქმე, მე ამ სტატუსით ვისარგებლებ და დავეხმარები, რაც ჩემს ინტერესებშიც შედის", — თქვა კერზაიას შვილმა.

ია კერზაიას გარდაცვალების საქმე

ზუგდიდის სკოლის დირექტორი, ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

მანამდე ია კერზაია რუსთავი 2-თან ჰყვებოდა, რომ მას შემდეგ რაც არჩევნებში პედაგოგების ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე სკოლაში გენერალური ინსპექციის ორი თანამშრომელი ჩავიდა და სკოლა შეამოწმა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ამ მიზეზის გამო კი თანამდებობიდან დირექტორის გათავისუფლებას აპირებდნენ.

სკოლის დირექტორზე ზეწოლაზე საუბრობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ოპოზიცია. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და აღნიშნა, რომ ამ საქმის პოლიტიზირება მიუღებელია.

ამავე თემაზე: