საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის ახალი კვოტა დაადგინა. შედეგად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციაში ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები, ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე 2020 წლის იანვრიდან აღარ იქნებიან. მათ ადგილს დაიკავებენ არჩილ თალაკვაძე და სოფო კილაძე.

ეს საკითხი დღეს, 2 აპრილის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, სადაც წარმოადგინეს ყველა დელეგაციის განახლებული შემადგენლობა. სხდომის ბოლოს იქვე უყარეს კენჭი დადგენილებას და მხარი დაუჭირეს მის პირვანდელ ვერსიას. კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ არ გაითვალისწინა ის წინადადებები, რაც მსჯელობის დროს დეპუტატებმა შესთავაზეს.

მანამდე, ეკა ბესელიამ დელეგაციის წევრების ცვლილებას "სადამსჯელო გადაწყვეტილება" უწოდა და თქვა, რომ ადგილი აქვს პერსონალურ გადაწყვეტილებას.

"ამ გადაწყვეტილებას ძალიან ცუდი ფონი უძღვის წინ", — თქვა ბესელიამ და განმარტა ისიც, რომ საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტით, როცა იანვარში მტკიცდება დელეგაციების შემადგენლობა, მომავალი წლის იანვრამდე საპარლამენტო ასამბლეა ევროსაბჭოს ამ დელეგაციას ვერ და არ ცვლის. აქედან გამომდინარე, ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარეს ჰკითხა, თუ რატომ გადაწყდა მაინც და მაინც ახლა სიის შეცვლა.

სოფიო ქაცარავამ მას მოკლედ უპასუხა, რომ ის კვოტები, რაც ახალ დადგენილებაში დააწესეს, ასამბლეის რეგულაციების შესაბამისად მოამზადეს, ხოლო დღევანდელი განხილვის საგანია ახალი შემადგენლობების დამტკიცება.

"გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ იმ კვოტებით ვიხელმძღვანელეთ რაც გადმოგვეცა საპროცედურო კომიტეტიდან და ამის მიხედვით უნდა გაგვეკეთებინა ის შემადგენლობა, სადაც დელეგაციაში დამოუკიდებელ დეპუტატს არ ჰქონდა კვოტა. ვიხელმძღვანელებთ არსებული დადგენილებით, რომელსაც მივიღებთ და პასეს რეგულაციების თანახმად".

უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა დაადასტურა ეკა ბესელიას ინფორმაცია, რომ ევროსაბჭოს ასამბლეაში დელეგაციები იანვრის თვეში იცვლება. მან თავმჯდომარეს წინადადებით მიმართა, რომ ძველმა დელეგაციამ პირველ იანვრამდე გააგრძელოს საქმიანობა. იგივე მოსაზრება დააფიქსირა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო გოგუაძემ. მისი თქმით, ახალი შემადგენლობა ასამბლეაში აკრედიტაციას მომავალი წლის იანვრამდე ვერ გაივლის, ძველი შემადგენლობა კი მანამდე გააგრძელებს საქმიანობას. გოგუაძემ განმარტა ისიც, რომ ეროვნული დელეგაციები პოლიტიკური ჯგუფებისა და დამოუკიდებელი წევრების წარმომადგენლობის საფუძველზე შედგა, დღევანდელი ცვლილების საფუძველი კი კვოტების ახლებურად განსაზღვრა.

"პარლამენტში გვყავს ახალი შემადგენლობა ფრაქციებში. ასამბლეისთვის ეს არ შეიცვლება. ქალბატონი ეკა საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციაში ფრაქციიდან იყო წარდგენილი ფრაქციის წევრი აღარ არის ის და იმიტომ არის ეს კვოტები ასეა განსაზღვრული", — თქვა გოგუაძემ.

პატრიოტთა ალიანსის წევრის, ადა მარშანიას თქმით, უნდა დარჩეს ძველ შემადგენლობას უფლებამოსილება იანვრამდე და მერე დაიწყოს ახალ წევრებზე მსჯელობა:

"მე გთავაზობთ, შემდეგნაირად ვიმუშავოთ, ახალი რეალობა რომ გვაქვს პარლამენტში, ეს ავსახოთ ჯერ სამართლიანად, კვოტების განაწილების საკითხში, ჯერ ამით დავიწყოთ, აქედან გამომდინარე რაღაცები სეიცვლება. ერთმნიშვნელოვნად, არ გამოვა არანაირად ეს ჩვენი შიდა ეროვნული რაღაც პოლიტიკური ვითარების შეცვლა ავსახოთ ასე ულამაზოთ საერთაშორისიო დელეგაციაში. არ სევრცხვეთ და თავი არ მოვიჭრათ, ახლა უკვე იქ".

"პოლიტიკურად სამარცხვინო გადაწყვეტილება" უწოდა ახალი შემადგენლობების დადგენილებას ევროპული საქართველოს წევრმა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, ამ ყველაფრის მიზანია, "პოლიტიკური პერსონის დასჯა".

"არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკური შეხედულებით მე როგორ ვუყურებ ამ პერსონას [ეკა ბესელიას] ან ის — მე. ლაპარაკია თამაშის წესები როგორი გვაქვს პარლამენტში. ევროსაბჭოს წესების გარეშეც პოლიტიკური ცვლილების დელეგაციაში მყისიერი ასახვა, ძალიან ცუდი ნაბიჯია. ასე არ იქცევიან ნორმალურ პარლამენტში. იმედი მაქვს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, განსხვავებით საპროცედურო კომიტეტისა, არ მოიჭრის თავს და ქალბატონ ბესელიას დატოვებს დელეგაციაში მინიმუმ იმ მომენტამდე, სანამ, ევროსაბჭოს რეგულაციებით მისი შეცვლა არ შეიძლება", — თქვა ბოკერიამ.

საპროცედურო კომიტეტის თავამჯდომარემ, გიორგი კახიანმა განმარტა, რომ კომიტეტს საერთოდ არ უმსჯელია არც დელეგაციის წევრებზე და არც ეკა ბესელიას სიიდან ამოღებაზე ან ჩასმაზე:

"ქალბატონი ეკა იყო ფრაქციის წარმომადგენელი, ახლა აღარ არის ფრაქციის წარმომადგენელი. კვოტები ეკუთვნის ფრაქციას, ფრაქციის უფლებაა კონკრეტული პირი დაასახელოს და არა კონკრეტული წევრების".