თელავის რაიონის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღის 23 აღსაზრდელი ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს ბაღის მენეჯერმა ნათია კუპატაძემ დაუდასტურა.

ნათია კუპატაძის განმარტებით, მოწამლული ბავშვები სხვადასხვა ჯგუფის აღსაზრდელები არიან.

ბაღის მენეჯერის თქმით, როგორც საკვების, ასევე წყლის ნიმუშები ლაბორატორიაში გააგზავნეს. თუმცა ეჭვი უფრო წყალზე აქვთ.

"ვადები დაცულია, ყველა საჭმელი შეამოწმეს, ეჭვი საჭმელზე ვერ იქნება, ვნახოთ, რა დასკვნა დაიდება, სწავლა დროებით შეაჩერეს", — განაცხადა ნათია კუპატაძემ.