ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ამბობს, რომ შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს. მისივე თქმით, სანქციების გამკაცრებაა საჭირო.

"გვყავს ის გარდაცვლილი ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ სამუშაო ადგილას, სწორედ იმიტომ, რომ არ იყო შრომის უსაფრთხოება დაცული", — უთხრა კილაძემ ჟურნალისტებს.

31 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის #5-ში მიმდინარე მშენებლობისას მიწის ჩამოშსლისას ორი მუშა გარდაიცვალა. მრავალსაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მაშველებმა ორივე პირის ცხედარი იპოვეს.

ადგილზე მისულმა მერიის წარმომადგენელმა, გიორგი ბაგრატიონმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიწა ნაგებობის საძირკველის გამაგრების დროს ჩამოიშალა. მისივე თქმით, ერთი კვირის წინ შეამოწმეს კომპანია და უსაფრთხოების ნორმების მხრივ ყველა დოკუმენტი ჰქონდა მწყობრში, მაგრამ, როგორც ის ამბობს, კომპანიას კიდევ ერთხელ შეამოწმებენ.

ადგილზე მრავალპროფილური საავადმყოფო შენდება. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს სააქციო საზოგადოება ტრანსმშენი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.