მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა და განაცხადა, რომ 2017 წელს თბილისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი გაიხსნება:

"აშენდება ოთხი მოედანი. პროექტი 1000 გულშემატკივარზე გათვლილ ტრიბუნას ითვალისწინებს. ეს გახლავთ ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელიც ჩვენს დედაქალაქს მომავალი წლიდან შეემატება".

ნარმანიას თქმით, 2015-2016 წლებში თბილისმა 36 საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა. მისი თქმით, ღონისძიებებს შორის იყო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015 და უეფას სუპერთასი, რომლის ფარგლებშიც დინამო არენას სრული რეაბილიტაცია განხორციელდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. მისი თქმით, არენა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის და ჯამში 19 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის მიზნით დედაქალაქში აშენდა ტანვარჯიშის არენა, ფრენბურთის არენა, მძლეოსნობის არენა, სასტუმრო მოხალისე, ჩოგბურთის კორტები.

ამასთან, მისივე თქმით, განახლდა ვერის საკალათბურთო დარბაზი, დიდუბის სავარჯიშო ცენტრი მანეჟი, არენა და ძიუდოს აკადემია. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მ. მესხის სახელობის სტადიონს. გარდა ამისა, ლისის ტბაზე მოეწყო 3 კმ-მდე სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი. დამონტაჟდა განათების სისტემა:

"რაიონული გამგეობების მიერ მოეწყო 17 ახალი სპორტული მოედანი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 294-ს. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქ. თბილისის მერიის ვ. კაჭარავას სახელობის ფრენბურთის ოლიმპიური მზადების სპორტულ ცენტრს და თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების კომპლექსურ სპორტულ ცენტრს.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი გახლავთ პარასპორტის განვითარების სპორტული ცენტრი, რომელიც 2015 წელს გაიხსნა და ამიერკავკასიის მასშტაბით ერთადერთი შშმ პირებზე სრულად ადაპტირებული პარასპორტული არენაა".

თბილისის მერის თქმით, თბილისის 10-ვე რაიონის 24 სკვერში, გარე გამოყენების სავარჯიშო მოწყობილობები დამონტაჟდა და 2015-16 წლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა სპორტულ ცენტრებს