ახალ ზელანდიაში, ეფლის ოფიციალურმა პარტნიორმა Spark-მა ფუტურისტული და საყვარელი პრომო კამპანია განახორციელა.

როგორც იცით, iPhone-ების გამოსვლისას, ტელეფონის შესყიდვის მსურველები მაღაზიასთან რიგში დგანან ხოლმე და ცდილობენ ახალი სმარტფონები ერთ-ერთმა პირველებმა შეიძინონ. ოღონდ, განსხვავებით საქართველოსგან, მათ 7777 ლარის გადახდა არ უწევთ. ცივილიზებულ ქვეყნებში iPhone ადეკვატური ფასი ღირს.

Spark-ის მარკეტინგის ჯგუფმა გადაწყვიტა რიგში დგომის ტრადიცია პრომო-აქციად ექცია და ერთ-ერთი მაღაზიასთან ასამდე რობოტი დააყენა რიგში. თითოეულ რობოტს თავისი "პატრონი" ჰყავს, რომელიც მას დისტანციურად, აპის საშუალებით მართავს.

იმ მომხმარებლებს, რომლებსაც რობოტი რიგს უკავებს, რიგიდან ლაივ სტრიმის ყურება და ბოტებისთვის მარტივი ბრძანების მიცემა შეუძლიათ - მაგალითად, აპის დახმარებით, რობოტებს ცეკვა, კუნგ-ფუსა და იოგას ილეთების შესრულება შეუძლიათ.

აქციის დასრულების შემდეგ, მას შემდეგ რაც რობოტის პატრონები ტელეფონებს მიიღებენ, Spark მათ ამ საყვარელ მოწყობილობებსაც აჩუქებს.

პრომო აქციები სავარაუდოდ თბილისშიც დაიგეგმება, რომელიმე მაღაზია ან კრეატიული სააგენტო აუცილებლად შემოგვთავაზებს რიგის ფლეშ-მობს.