ლუვრის საოცარი ოპტიკური ილუზიის შექმნას 4 დღე, 400 მოხალისე, 2 000 დაბეჭდილი ნაწილის გაერთიანება დასჭირდა.

მის გასანადგურებლად კი ვიზიტორებისთვის ერთი დღეც საკმარისი იყო.

თუმცა, როგორც ილუზიის ავტორი ამბობს, ასეთი რამ ყოველთვის შეიძლება მოხდეს.

ლუვრის მუზეუმის ეზოში განთავსებული ვეება ოპტიკური ილუზია ფრანგ ქუჩის არტისტს JR-ს ეკუთვნის.

ლუვრის პირამიდის 30-ე დაბადების დღის საზეიმოდ, მან მოხალისეების დახმარებით მინის სტრუქტურას ფურცლების გიგანტური კოლაჟი შემოავლო.

"არც კი მჯერა რომ ეს მოხდა", - წერდა ის ტვიტერზე.

ლუვრის მუზეუმი მე-12 საუკუნით თარიღდება, თუმცა მის ეზოში მდგარი პირამიდა, რომელიც ჩინეთში დაბადებულ ამერიკელ არქიტექტორს ი.მ. პეის ეკუთვნის, ოფიციალურად 1989 წლის 30 მარტს გაიხსნა.

ილუზიის მიხედვით, პირამიდა მხოლოდ წვერია იმ არქეოლოგიური აღმოჩენის, რაც მის ქვეშ იმალება. ის მას უფრო დიდ და იდუმალ ნაგებობად აქცევს, ვიდრე ის რეალურადაა.

ხელოვანმა ნამუშევარი 29 მარტს გარდაცვლილ ფრანგ რეჟისორ ანიეს ვარდას მიუძღვნა:

"მე ეს შენთვის დავასრულე ანიეს ვარდა, შენ გიყვარდა ადამიანები, ერთიანობა და ილუზია. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ხედავ. ისეთი რამ შევქმენი, რაც ღრუბლებიდანაც ჩანს, თუმცა, არ ვიცოდი, რომ ამას შენთვის ვაკეთებდი".

ილუზიის განადგურების მიზეზი ის მატერია იყო, რითიც ის იყო შექმნილი — ქაღალდი. ის ვიზიტორების და ტურისტების სიარულის დროს დაზიანდა და 31 მარტს უკვე მთლიანად გაიცრიცა. ხელოვანის თქმით, ნამუშევრის ხანგრძლივი არსებობა გამიზნული არ ყოფილა.

მოხალისეები გიგანტური ილუზიის შექმნისას.

ფოტო: Getty Images