თურქეთის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პარტია სტამბოლსა და ანკარაში მერის არჩევნებს აგებს. ამ ეტაპისთვის ხმების 99 პროცენტზე მეტია დათვლილი.

თურქეთის მმართველი პარტიის, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მთავარი კონკურენტი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიაა. არჩევნების წინ ერდოღანმა განაცხადა, რომ ეს არჩევნები ქვეყნისთვის და მისი პარტიისთვის მნიშვნელოვანია.

წინასწარი მონაცემებით, ანკარაში მმართველი პარტიის კანდიდატმა 47,1 პროცენტი დააგროვა, მაშინ, როცა ოპოზიციონერმა — 50,9 პროცენტი. სტამბოლში მცირედით უსწრებს ოპოზიციური პარტიის კანდიდატი (48,79 პროცენტი) მმართველი პარტიის კანდიდატს (48,51 პროცენტი).

სტამბოლისა და ანკარას გარდა თურქეთში გამართულ ადგილობრივ არჩევნებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა იზმირის, ბურსას, ანტალიასა და ადანას შედეგებს აქვს. ამჟამინდელი მონაცემებით, მმართველი პარტიის კანდიდატმა მხოლოდ ბურსაში გაიმარჯვა.

31 მარტს თურქეთში ადგილობრივი არჩევნები გაიმართა. ეს პირველი მუნიციპალური არჩევნებია მას შემდეგ, რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებით ერდოღანმა უფლებამოსილება გაიფართოვა.

როგორც უცხოური გამოცემები წერენ, არჩევნებზე დაფიქსირდა ძალადობის რამდენიმე შემთხვევა, შეტაკებების დროს ათობით ადამიანმა დაზიანება მიიღო. ორი დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე მოკლეს.