მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. მან აღნიშნა, რომ მის წინასაარჩევნო დაპირებებში ახალი პროგრამების განხორციელება და სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი თანხების მიმართვა იყო, რაც შესრულებულია და თბილისის მერიამ 10 ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო.

მისი თქმით, სოციალური პროგრამების უმეტესობის დაფინანსება გაიზარდა, ნაწილი გაორმაგდა:

"თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ამ დროისათვის 31 პროგრამას უწევს ადმინისტრირებას".

გარდა ამისა, ნარმანიას განცხადებით, ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩაზე, კეთილმოეწყო 76 ბინიანი სოციალური საცხოვრისი:

"2015 წლის დეკემბრამდე დედაქალაქში არ არსებობდა მიუსაფართა თავშესაფარი, დედაქალაქის ხელისუფლების ცვლილებიდან ერთ წელიწადში სოფელ დიდ ლილოში ფუნქციონირება დაიწყო 240 ბენეფიციარზე გათვლილმა თავშესაფარმა".

რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თბილისის მერის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა საანგარიშო პერიოდში 19 ახალი მანქანა შეიძინა, რომლებიც აღჭურვილია სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისათვის აუცილებელი უახლესი მოწყობილობებით და სრულად შეესაბამება თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებს.