არასამთავრობო ორგანიზაციებმა სოციალური მუშაკებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით პრესკონფერენცია გამართეს და ჯანდაცვის სამინისტროს ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდეს. მათი განცხადებით, სახელმწიფომ სრულად უნდა შეასრულოს სოციალური მუშაკების ყველა მოთხოვნა როგორც უშუალოდ შრომითი უფლებების დაცვასთან, ასევე ბენეფიციარებისთვის მომსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

ორგანიზაციებმა მოუწოდეს სამინისტროს, კოორდინირებულად იმოქმედონ მთავრობასა და პარლამენტთან და სოც. მუშაკებთან მოლაპარაკების პროცესში პოლიტიკის დონეზე გაიაზრონ შესასრულებელი სამუშაოს მნიშვნელობა ქვეყნისთვის. მათ თქმით, სამინისტრომ მაქსიმალურად უზრუნველყოს შრომითი პირობების გაუმჯობესება და ბენეფიციარებისთვის იმგვარი მომსახურების შეთავაზება, რომელიც უფრო ეფექტიანს გახდის სოციალური მუშაკის მიერ შესრულებულ სამუშაოს.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება (GTUC);
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
  • საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW);
  • სოლიდარობის ქსელი-დამოუკიდებელი პროფკავშირი.

შეთანხმება სამინისტროსთან და სოც მუშაკების შეუსრულებელი მოთხოვნები

ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაკები მერვე დღეა გაფიცულები არიან. გაფიცვას წინ თვენახევრიანი უშედეგო მედიაციის პროცესი უძღოდა.

28 მარტს გაფიცვის შემდეგ დაწყებული მოლაპარაკებებიდან გამოსულმა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ სოც. მუშაკები გაფიცვას შეწყვეტდნენ, რადგან მათ შეთანხმებას მიღწიეს. თუმცა, გაფიცულებმა აღნიშნეს, რომ შეთანხმება მხოლოდ რამდენიმე საკითხზე შედგა და ისინი მანამდე გააგრძელებენ პროტესტს, სანამ ძირეული ცვლილებები არ განხორციელდება.

გაფიცულებმა გაავრცელეს იმ პუნქტების სია, რომელზეც სამინისტროსთან შეთანხმება შედგა. კერძოდ, ორივე მხარე თანახმაა რეგიონებში დაემატოს თითო იურისტი, ხოლო თბილისში ორი. ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტომ 30 აპრილამდე უნდა აიყვანოს 50 ახალი სოციალური მუშაკი, რომლებიც საჭიროების მიხედვით გადანაწილდებიან რეგიონებში. გარდა ამისა სოციალური მუშაკები მოითხოვენ დამატებით 20 სპეცილალიზირებული კადრის აყვანას.

სამინისტრო თანახმაა თბილისში დაემატოს ერთი ფსიქოლოგი და სამუშაო ჯგუფის ფორმატში გამოვლინდეს ყველაზე დიდი საჭიროების მქონე რეგიონები და რეკომენდაციია მიეცეს სააგენტოს ფსიქოლოგების აყვანის თაობაზე. სოც.მუშაკებისთვის აღნიშნული პუნქტი მისაღები იქნება იმ შემთხვევში თუ სააგენტოს დაემატება 15 ფსიქოლოგი (4 თბილისში, 11- რეგიონებში) და ამ პოზიციებზე ვაკანსიები გამოცხადდება არაუგვიანეს პირველი ივნისისა.

გარდა ამისა, სოციალურმა მუშაკებმა გამოყეს საკითხები, რომელიც მათთვის მიუღებელია სამინისტროს მიერ შეთავაზებული ფორმით. კერძოდ, მათი თქმით, თითო რეგიონზე სოციალური მუშაკებისთვის უნდა გამოიყოს სულ მცირე 2 მანქანა, ხოლო თბილისში 5 მანქანა. გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ, სახელმწიფომ შეიმუშავოს მექანიზმი, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას საჭირო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა სოც. მუშაკებს საკუთარი ხარჯებით არ მოუწიოთ.

სოც. მუშაკები ასევე მოითხოვენ, არაუგვიანეს 15 მაისისა სამინისტრომ შეიმუშავოს გეგმა ბავშვისა და ოჯახის საჭიროებებზე მორგებული და ადაპტირებული ინსფრასტრუქტურის შესაქმნელად და მთავრობას განსახილველად წარუდგინოს 5 პრობლემური სერვისცენტრის რეაბილიტაციის გეგმა.

სოციალური მუშაკების თქმით, სამინისტროს მიერ შეთავაზებულ პირობებში არ იყო ასახული მოთხოვნები ხელფასის მატებისა და გამოწვევებზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებაც.