დღეს, 31 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის #5-ში მშენებლობაზე მიწის მასა ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ უკვე იპოვეს 26 წლის მუშის ცხედარი. ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ. უწყებაში ამბობენ, რომ შემთხვევის დროს, მუშები, სავარაუდოდ, ხარაჩოზე იდგნენ. ადგილზეა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა.

მერიის წარმომადგენელი გიორგი ბაგრატიონი ამბობს, რომ შენობის საძირკვლის გამაგრების სამუშაოების დროს ჩამოიშალა მიწა. მისივე თქმით, ერთი კვირის წინ შეამოწმეს კომპანია და უსაფრთხოების ნორმების მხრივ ყველა დოკუმენტი ჰქონდა მწყობრში, მაგრამ როგორც ის ამბობს, კომპანიას კიდევ შეამოწმებენ.

ადგილზე შენდება მრავალპროფილური საავადმყოფო. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს სააქციო საზოგადოება ტრანსმშენი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.