ინტერნეტში ხშირად ვაწყდებით რჩევებს, თუ როგორ მოვხიბლოთ ჩვენთვის სასურველი ადამიანი პირველივე პაემანზე და როგორ ჩავიცვათ, როგორ ვისაუბროთ, რა შევუკვეთოთ და სხვა. ამ წესების გამოყენება, როგორც წესი, ხანგრძლივი და ხარისხიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის გამოუსადეგარია, რადგან თავიდანვე ყალბი ემოციების გამოწვევას ემსახურება.

თუ ფიქრობთ, რომ ასეთი რჩევები დამაზიანებელია თქვენი მომავალი ურთიერთობებისთვის, მაშინ ალბათ გესმით, რომ მეტი რაციონალურობა გმართებთ.

ჩვენ გაგიმხელთ 5 რაციონალურ წესს, რომელიც გულწრფელი, ნამდვილი და ხანგრძლივი სიყვარულის პოვნაში დაგეხმარებათ. თუ მათ გაითვალისწინებთ, შანსი მცირეა, რომ იმედგაცრუებული დარჩეთ.

1. ნუ ეძებთ "იმ ერთადერთს და განსაკუთრებულს"

ფოტო: Giphy

რაც უფრო სწარაფად დაივიწყებთ იმ აზრს, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი და განსაკუთრებული სიყვარული არსებობს, მით უფრო მალე შეძლებთ წარმატებული ურთიერთობების დაწყებას.

"წარმოდგენა, რომ არსებობს რაღაც ზებუნებრივი ძალა, ღმერთი ან კარმა, რომელიც ჩვენთვის მხოლოდ ერთ განსაკუთრებულ ადამიანს ქმნის და მერე ჩვენ ის უნდა ვეძებოთ, უბრალოდ მითია", - ამბობს ფსიქოთერაპევტი ზაკ ბრიტლი.

წარმატებული ურთიერთობები დამოკიდებულია ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობაზე, რასაც კავშირი არ აქვს რაიმე ზებუნებრივთან. ადამიანებს შეუძლიათ დედამიწის ნებისმიერ წერტილში იპოვნონ თანამოაზრეები, რომლებიც მათ არჩევანსა და გადაწყვეტილებებს პატივს სცემენ. ასეთი ურთიერთობების გაფუჭების შემდეგ კი, აუცილებლად გამოჩნდება კიდევ ვინმე სხვა.

2. იყავი ის, რაც ხარ და სხვაშიც იგივე ეძებე

ფოტო: Giphy

ადამიანებს კარგად გამოსდით თავისი უარყოფითი მხარეების დაფარვა, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გრძელდება. როგორც კი პარტნიორთან სერიოზულ ურთიერთობას დაიწყებთ, თქვენი მინუსებიც ზედაპირზე ამოტივტივდება. სწორედ ამიტომ, სჯობს თავიდანვე იყოთ ის, რაც სინამდვილეში ხართ და არ ითამაშოთ.

თუკი პაემანზე თქვენს პოტენციურ პარტნიორს გამოთქმულ აზრებში არ ეთანხმებით, ეს იქვე უნდა გამოხატოთ. როცა მას არ ეთანხმებით, არასდროს უთხრათ, რომ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი რამ გაუგოთ ადამიანს და რომ მის აზრს იზიარებთ. ურთიერთობის ასეთი დასაწყისი წინასწარ განწირულია კრახისთვის.

მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანს საკუთარი თავი ისე უნდა გააცნოთ, რომ შედეგებზე არ იფიქროთ. მხოლოდ ასე შეძლებთ სასურველი პარტნიორის პოვნას.

3. პაემანზე ყოველთვის ფხიზლად მიდით

ფოტო: Giphy

მართალია, ალკოჰოლი გამბედაობასა და თვითდაჯერებას გმატებთ, მაგრამ მის მოხმარებას პაემანზე გაცილებით მეტი მინუსი აქვს, ვიდრე პლუსი.

ალკოჰოლი ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტია, რომელიც ნერვიულობის შემცირებას იწვევს, მაგრამ ამავდროულად რაციონალური განსჯის უნარსაც აქვეითებს. ამის გამო, შეიძლება სტანდარტები იმდენად დაბლა დაწიოთ, რომ ისეთი ადამიანიც კი მოგეწონოთ, რომელთან ერთადაც ჩაის დალევასაც არ დათანხმდებოდით.

ასე რომ, სჯობს ცოტათი ღელავდეთ, ვიდრე არასწორი არჩევანი გააკეთოთ.

4. თუ მიხვდებით, რომ არ ხართ ადამიანით დაინტერესებული, სწრაფად დაასრულეთ ურთიერთობა

ფოტო: Giphy

რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანთან შეხვედრას ვიწყებთ, გარკვეული მოლოდინი გვაქვს და მას საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობას ვაძლევთ. საგულისხმოა, რომ ურთიერთობის საწყისს ეტაპზე ისე უნდა განეწყოთ, როგორც გასაუბრებაზე - უფრო მეტად დააკვირდეთ რას ამბობს ის, ვიდრე წინასწარი მოლოდინი შეიქმნათ მასზე.

შესაძლოა პიროვნულად ძალიან მოგეწონოთ ადამიანი, მაგრამ ხვდებოდეთ, რომ მის შეხედულებებთან და ცხოვრების სტილთან თქვენი წარმოდგენები სამყაროს შესახებ კორელაციაში არ მოდიოდეს, რაც ურთიერთობას ართულებს.

თუკი იგრძნობთ, რომ ეს ასეა, მაშინ ტაქტიანად უნდა დაასრულოთ ურთიერთობა და ხაზგასმით აღნიშნოთ, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა. რაც მეტად გადადებთ ამის თქმას, მით უფრო რთული გახდება გადაწყვეტილების მიღება, ურთიერთობა კი მაინც არ შედგება.

5. პოტენციალის გამო ურთიერთობებს ნუ გააგრძელებთ

ფოტო: Giphy

"მმმ, ძალიან კარგი ბიჭია, უბრალოდ როცა ველაპარაკები, არ მისმენს...", - მსგავსი ფიქრები დაივიწყეთ, კარგი ურთიერთობის აწყობა თუ გსურთ. დაშვებები, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რაღაცები ხელს რომ არ უშლიდეს, საკუთარი თავის მოტყუებაა.

უბრალოდ შეეგუეთ, რომ დაბრკოლებები არსებობს და მისი გადალახვა შეუძლებელია ხანგრძლივ პერსპექტივაშიც კი. ადამიანები იშვიათად იცვლებიან და თუ თქვენ არ გსურთ იმ იშვიათ გამონაკლისს ელოდოთ და წლები დაკარგოთ, მაშინ გადალახეთ ეს ეტაპი.