შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანიაღვრე ჭების ქურდობის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, პოლიციამ ისინი ისანი-სამგორის რაიონში, ერთ-ერთი ქურდობის ჩადენის დროს დააკავა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები თბილისის სხვადასხვა უბანში სანიაღვრე ჭების თავსახურებს იპარავდნენ. სამართალდამცველებმა, ნაქურდალი თავსახურები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტებით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.