2019 წლის პირველი აპრილიდან სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს ნარკოტიკული ნივთიერების, მათ შორის კანაფის ზემოქმედებაზე შეამოწმებენ. კანონში შესული ცვლილებით, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, სამი წლის ვადით სხვადასხვა უფლებების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

შსს-ს ცნობით, პატრულ-ინსპექტორები გამოიყენებენ პორტატულ ნარკოტესტებს, რომელიც ნივთიერების ზემოქმედებას ნერწყვის საშუალებით ადგენს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, პირს დამატებით შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში შეამოწმებენ. ნარკოტიკული ნივთიერების კლინიკური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის დადასტურებისას, პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

გირჩის პოზიცია

პარტია გირჩში მიაჩნიათ, რომ ახალი რეგულაციით დაისჯება ყველა ადამიანი, რომელმაც ღამის საათებში კანონით მინიჭებული უფლებით მოიხმარა კანაფი და დილით ავტომობილით წავიდა სამსახურში. მათივე თქმით, ნარკოტესტი, რომელიც ადგენს მოიხმარა თუ არა ადამიანმა კანაფი უკანასკნელი 8 საათის განმავლობაში მოქალაქეებს უსამართლოდ დასჯის. გირჩი მოუწოდებს შსს-ს არ აღასრულოს კანონის ახალი მუხლი კანაფთან მიმართებაში.

პარტიაში აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებენ, რომ კანონის ამ მუხლმა ვერ იმუშაოს, აზრი დაკარგოს და ადამიანები არ მოხვდნენ ციხეში იმის გამო, რომ ღამით მეგობრებთან ერთად კანაფი მოიხმარეს.