ქართული ოცნების კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის პროცედურებზე საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით დაამტკიცა. განხილვის შემდეგი ეტაპი ანუ მეორე მოსმენა ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ დაიწყება.

ვენეციის კომისიის დელეგაცია უკვე საქართველოშია და საპარლამენტო უმრავლესობასთან და პარლამენტში შემავალ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს მართავს. ქართული ოცნების მოლოდინი პოზიტიურია. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და კონსტიტუციასთან შესაბამისი კანონპროექტი შეიმუშავეს.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეები, მის კონსტიტუციურობას ეჭვქვეშ არ აყენებენ, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ საჭიროებებს ვერ პასუხობს. როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო სექტორი ფიქრობს, რომ ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების შემდეგ, ძალაუფლებას უზენაესშიც მოიპოვებს.

"ირაკლი კობახიძის კანონპროექტი"

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში წერია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არის მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე და აქვს ჩაბარებული მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა. კანდიდატები ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან. კონკურსანტებს აარჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წევრების 2/3-ის თანხმობით, ანუ 15-დან 10 ხმით. საბოლოოდ, პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც წარდგენილ კანდიდატებს მოუსმენენ და მის წარსულ საქმიანობასაც შეისწავლიან.

რა არ მოსწონს არასამთავრობო სექტორს

არასამთავრობო სექტორმა სამუშაო ჯგუფი, სადაც ამ კანონპროექტს განიხილავდნენ, ჯერ კიდევ მაშინ დატოვა, როცა კანონპროექტი პარლამენტში წარდგენილი არ იყო. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის 5-პუნქტიან გეგმას სთავაზობდა ირაკლი კობახიძეს, თუმცა კოალიციის წარმომადგენლის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, მმართველმა გუნდმა არასამთავრობო სექტორის არც ერთი შენიშვნა არ გაითვალისწინა.

მისივე თქმით, სწორედ, ამ კანონპროექტს უნდა ეპასუხა საზოგადოების დაკვეთისთვის, რომ "კლანს" არ მისცემოდა საშუალება, დაპატრონებოდა უზენაეს სასამართლოსაც. თუმცა ხელისუფლებამ სხვა გზა აირჩია.

ფოტო: რადიო თავისუფლება

"კობახიძის მიერ შემუშავებული კანონპროექტი არის იმ პროცედურების დეტალურად გაწერა, რომელიც კლანმა მეტნაკლებობით გაიარა დეკემბრის თვეში და დაასახელა 10 კანდიდატი. ეს კანონპროექტი იუსტიციის საბჭოს წევრებს საშუალებას აძლევს გაიარონ პროცედურა, რომელიც დროში გაიწელება და წარადგინონ იგივე ადამიანები", — განუცხადა On.ge-ს გიორგი მშვენიერაძემ.

ის კანონპროექტის რამდენიმე ხარვეზს გამოყოფს, მათ შორისაა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების სავალდებულოობა, კენჭისყრის პროცედურა, ინტერესთა კონფლიქტი, პარლამენტის სამუშაო ჯგუფი.

საკვალიფიკაციო გამოცდები

კოალიცია მიიჩნევს, რომ უზენაესის მოსამართლეების კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველას უნდა შეეძლოს, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდით კი ხელისუფლებამ ეს შესაძლებლობა შეზღუდა.

გიორგი მშვენიერაძე განმარტავს, რომ საკვალიფიკაციო გამოცდის მოთხოვნა არ იყო გათვალისწინებული 2018 წელს მიღებულ კანონში. იქ ეწერა, რომ უზენაესის მოსამართლეების არ მოეთხოვებოდათ მსგავსი გამოცდის ჩაბარება.

მათ არ სურთ გარე სისხლის შედინება უზენაეს სასამართლოში

გიორგი მშვენიერაძე

"რა მოხდა 6-7 თვეში ისეთი, რამაც ხელისუფლებას გადაფიქრებინა მსგავსი ჩანაწერი კანონში, ამაზე პასუხი არის ის, რომ მათ უნდათ, კონკურსში მონაწილეობა მიიღონ ადამიანებმა, რომლებიც დღეს სასამართლო სისტემაში არ არიან. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, მათ არ სურთ გარე სისხლის შედინება უზენაეს სასამართლოში", — განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

მან დააზუსტა, რომ კოალიცია გამოცდებს არ ეწინააღმდეგება და მმართველ გუნდს სთავაზობს მოსამართლეთა გამოცდების პარალელურად, ადვოკატისა და პროკურორის გამოცდებიც დაუშვან.

ინტერესთა კონფლიქტი

გიორგი მშვენიერაძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, რომელიც პარალელურად მოსამართლეების შესარჩევი კონკურსის ერთ-ერთი კანდიდატია, არ უნდა მიიღოს მონაწილეობა კონკურენტი კანდიდატების დოკუმენტების შესწავლაში. გარდა ამისა, არ უნდა ჩაერთონ კონკურენტი კანდიდატის გასაუბრებაში, არ უნდა დაუსვას მათ შეკითხვები, არ უნდა შეაფასოს ისინი და უფრო მეტიც, არც კენჭისყრაში უნდა მიიღონ მონაწილეობა. კანონპროექტით, გარკვეულ ეტაპებზე ასეთ კანდიდატებს ეკრძალებათ კენჭისყრაში მონაწილეობა, თუმცა არა პარლამენტისთვის გადასაგზავნი სიის დამტკიცებისას.

"ამ ჩანაწერის ერთადერთი ახსნა ისაა, რომ საბჭოდან ორ ადამიანს, გიორგი მიქაუტაძესა და დიმიტრი გვრიტიშვილს უნდათ კონკურსში მონაწილეობის მიღება და მათ სჭირდებათ ერთმანეთის ხმები", — ამბობს მშვენიერაძე.

ე.წ. ფარდობითი კენჭისყრა

მშვენიერაძე განმარტავს, რომ განაცხადების მიღების შემდეგ საბჭო ატარებს კენჭისყრას, სადაც საბჭოს თითოეულ წევრს 18 კანდიდატის შემოხაზვის უფლება აქვს. ამით ისინი პირველ ადგილზე გასულ 45 კანდიდატს გამოავლენენ.

"ეს კენჭისყრა ტარდება ყოველგვარი გასაუბრების, კანდიდატების შესწავლის გარეშე და საბჭოს შეუძლია, პირველივე კენჭისყრიდან გამორიცხოს მათთვის არასასურველი კანდიდატები", — ამბობს იურისტი.

ნომინირება

კოალიცია მოითხოვს, რომ პარლამენტისთვის წარსადგენი სიის ნომინირება იყოს ღია და საბჭოს წევრს ჰქონდეს თავისი გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება.

"2/3 ნიშნავს, რომ კლანს ყველანაირი დასაბუთების გარეშე შეუძლია განახორციელოს მისთვის სასურველი კანდიდატის ნომინირება", — განმარტავს მშვენიერაძე.

პარლამენტი

არასამთავრობო სექტორი ითხოვს, რომ კანდიდატების შესახებ მოძიებული ინფორმაცია, რომელსაც საბჭო პარლამენტს წარუდგენს იყოს საჯარო გარდა ე.წ. განსაკუთრებული მონაცემებისა.

მშვენიერაძის თქმით, ისინი მოითხოვენ, რომ პარლამენტმა კანონში დეტალურად გაწეროს, რა ინფორმაცია უნდა წარადგინოს კანდიდატმა. ის ასევე ინტერესდება იმ სამუშაო ჯგუფის კომპეტენციით, რომელიც პარლამენტში უნდა შეიქმნას.

"ვინ იქნება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, იქნებიან თუ არა საზოგადოების წარმომადგენლები, თუ მხოლოდ პოლიტიკოსები? ეს საკითხები ბუნდოვანია. მხოლოდ ის გაითვალისწინეს, რომ პარლამენტის ყველა წევრს აქვს კანდიდატისთვის კითხვის დასმის უფლება. ეს არის ერთადერთი მიღწევა, რაც ხელისუფლებამ შეისმინა", — ამბობს გიორგი მშვენიერაძე On.ge-სთან საუბრისას.

ის ფიქრობს, რომ ქართული ოცნების კანონპროექტი გამჭვირვალობის ილუზიას ქმნის: "სინამდვილეში ყველაფერი ამის საწინააღმდეგო იქნება და კლანის წევრებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მანტიას თავისი ხელით შეუკერავენ".

ჩვენ გამოწვევები გვაინტერესებს, თორემ კანონი რომ კონსტიტუციური უნდა იყოს ყველა ვჯერდებით. კობახიძის კანონპროექტს ეს პრობლემა აქვს ვერ პასუხობს გამოწვევებს

გიორგი მშვენიერაძე

გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ არასამთავრობო სექტორი ითანამშრომლებს ვენეციის კომისიასთან და კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს გააცნობს. გამოწვევაა, რომ ვენეციის კომისია კანონპროექტის კონსტიტუციასთან შესაბამისობას აფასებს და არა პოლიტიკურ მდგომარეობასთან თავსებადობას. კანონპროექტის კონსტიტუციურობაზე კი არავინ დავობს.

"ჩვენ გამოწვევები გვაინტერესებს, თორემ კანონი რომ კონსტიტუციური უნდა იყოს ყველა ვჯერდებით. კობახიძის კანონპროექტს ეს პრობლემა აქვს ვერ პასუხობს გამოწვევებს, თორემ არაკონსტიტუციურიაო არასდროს გვითქვამს", — ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

ვენეციის კომისიის დასკვნის მოლოდინში

ოპოზიციის წერილი ბუკიკიოს

არასამთავრობო სექტორის პოზიციას იზიარებს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია. 15-მა ასეთმა პოლიტიკურმა პარტიამ და მოძრაობამ ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს განცხადებითაც მიმართა და დასკვნის მომზადებისას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინება სთხოვა.

განცხადებაში დეტალურადაა განხილული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი და დეკემბერში წარდგენილ 10-კაციანი სიასთან დაკავშირებული პროტესტი. გაცხადების ხელმომწერები ასევე ყურადღებას ამახვილებენ უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესახებ ქართული ოცნების კანონპროექტზე.

"თუ კანონპროექტი ამ ფორმით იქნება მიღებული და ზემოთ აღწერილი ხარვეზები არ გამოსწორდება, საქართველო ათწლეულებით დააკანონებს კლანურ მმართველობას მართლმსაჯულების სისტემაში", — ვკითხულობ ჯანი ბუკიკიოსადმი გაგზავნილი განცხადების ტექსტში.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ოპოზიციური პარტიები საკუთარ რეკომენდაციებსაც აჟღერებენ და მოუწოდებენ ხელისუფლებას კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, შეაჩერონ აღნიშნული კანონის განხილვა პარლამენტში და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, "ვენეციის კომისია აფასებს ამა თუ იმ კანონის სამართლებრივ სიზუსტეს და ვერავინ იტყვის, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა არის ცუდი".

ის ფიქრობს, რომ მხოლოდ სამართლებრივი თეორიებით რაიმეს დასაბუთება არასწორია და ეს ყველაფერი ვენეციის კომისიამ პოლიტიკურ კონტექსტში უნდა განიხილოს.

ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა, ე.წ. ტალღები უშედეგოა და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას მოასწავებს.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

"ეს ყველაფერი დიდწილად განპირობებულია იმ ე.წ. კლანით ანუ სასამართლო სისტემის შიგნით მოქმედი მოსამართლეების ჯგუფით, რომლებმაც შეძლეს და წინა ხელისუფლების შემდეგ მოქმედ ხელისუფლებასთანაც გააგრძელეს პოლიტიკური თანამშრომლობა, რაც სასამართლო სისტემისთვის არის დამღუპველი", — განუცხადა On.ge-ს აბესაძემ.

აბესაძე ფიქრობს, რომ თუ ვენეციის კომისია შეფასებას არსებული რეალობის გათვალისწინებით არ მოამზადებს, მისი დასკვნა არასწორი იქნება.

მმართველი გუნდი

ოპოზიციისგან განსხვავებით მმართველი გუნდი პოზიტიურადაა განწყობილი და დარწმუნებულია, რომ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები და კრიტერიუმები შეიმუშავა.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს აქვს მოლოდინი, რომ ვენეციის კომისია დადებით დასკვნას დადებს.

თუ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას შევადარებთ, ეს პროექტი არავიზე ნაკლები არ არის

სოფო კილაძე

"ვიცი რა სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება, აქედან გამომდინარე მგონია, რომ ის პროექტი, რომელიც შევიმუშავეთ არის მაქსიმალურად გამჭვირვალობის კრიტერიუმზე დაფუძნებული და დემოკრატიული. თუ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას შევადარებთ არავიზე ნაკლები არ არის ეს პროექტი", — განუცხადა On.ge-ს კილაძემ.

ანრი ოხანაშვილი ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება და ოპოზიციის კრიტიკას, რომ მათ დასკვნებს არ გაითვალისწინებენ ასე პასუხობს: "ზოგადად, ოპოზიცია ვარაუდობს ხოლმე, რომ გაიმარჯვებენ, მაგრამ შემდეგ ვერ იმარჯვებენ".

ვენეციის კომისიამ, დასკვნის გამოქვეყნებამდე განცხადება გაავრცელა და ცალსახად დააფიქსირა, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა არის კარგი. ამ სიტყვებს ქართული ოცნება ხშირად იყენებს თავისი კანონპროექტის შესახებ დასმული კრიტიკული კითხვების საპასუხოდ. განსხვავებული მოლოდინების ფონზე ვენეციის კომისიის დასკვნას როგორც სასამართლო, ისე საკანონმდებლო ხელისუფლება და არასამთავრობო სექტორი ერთნაირად ელოდება. ვენეციის კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ გააგრძელებს საკუთარი პოზიციების დაცვას მათი რეკომენდაციებით ქართული ოცნება თუ მასთან დაპირისპირებული ყველა სხვა დანარჩენი.