ხონის ფსიქიატრიული კლინიკის 60 წლის პაციენტი, რომელიც მრავლობითი დაჟეჟილობით სამედიცინო დაწესებულებაში 29 მარტს გადაიყვანეს, გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახი პაციენტის ცემაში ფსიქიატრიული კლინიკის ექიმებს ადანაშაულებს და მათ დასჯას ითხოვს.

"ჩემი და არის ნაწამები, ნაცემი, დაჭრილი, ხელმოტეხილი, თვალები თითქმის ამოგდებული, ყური მოგლეჯილი", — უყვება რუსთავი 2-ს პაციენტის და, ნინო ბიგვავა.

პაციენტი ქალი ქუთაისის ჰოსპიტალში მკურნალობდა. ექიმის თქმით, საავადმყოფოში მოყვანისას მას სხვადასხვა სახის დაჟეჟილობა და მოტეხილობა ჰქონდა.

ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში On.ge-ს უთხრეს, რომ პაციენტი მათთან ერთი წლის განმავლობაში მკურნალობდა. როგორც კლინიკის პრესსამსახური ამბობს, ქალს ჰქონდა ეპილეფსია და ერთ-ერთი შეტევის დროს ის დაეცა, რა დროსაც დაზიანებები მიიღო. რაც შეეხება ოჯახის ბრალდებებს, ისინი პერსონალის მხრიდან ძალადობას უარყოფენ.

"მას ეპილეფსიის გარდა ჰქონდა სხვა დაავადებებიც, იყო ძალიან მძიმე პაციენტი. პარალელურად აღენიშნებოდა ფსიქიკური პრობლემებიც. ჩვენ ამ ეტაპზე დანამდვილებით იმის თქმა შეგვიძლია, რომ პერსონალის ან პაციენტების მხრიდან დაზიანება არ მიუღია", — განმარტეს კლინიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.