ოჯახი ამტკიცებს, რომ ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტი ქალი სცემეს, რის გამოც ის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოჯახი ამბობს, რომ ქალს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული.

"ექიმი მეუბნება, რომ შენი და არის მომაკვდავი, შეერთებულია აპარატზე და თუ ჰყავდა ამ ქალს ვინმე არ ვიცოდითო. ავდივართ ზემოთ და ვხედავ სურათს, ჩემი და არის ნაწამები, ნაცემი, დაჭრილი, ხელმოტეხილი, თვალები თითქმის ამოგდებული, ყური მოგლეჯილი", — უყვება რუსთავი 2-ს პაციენტის და, ნინო ბიგვავა.

პაციენტი ქალი ქუთაისის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ექიმის თქმით, საავადმყოფოში მოყვანისას ქალს სხვადასხვა სახის დაჟეჟილობა აქვს. როგორც ის განმარტავს, პაციენტს მოტეხილობა არ აქვს და ხელზე დიდი ზომის ექსკორიაცია აღენიშნება.

ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში On.ge-ს განუცხადეს, რომ პაციენტი მათთან ერთი წლის განმავლობაში მკურნალობდა. როგორც კლინიკის პრესსამსახური ამბობს, ქალს ჰქონდა ეპილეფსია და ერთ-ერთი შეტევის დროს ის დაეცა, რა დროსაც დაზიანებები მიიღო. რაც შეეხება ოჯახის ბრალდებებს, ისინი პერსონალის მხრიდან ძალადობას უარყოფენ:

"მას ეპილეფსიის გარდა ჰქონდა სხვა დაავადებებიც, იყო ძალიან მძიმე პაციენტი. პარალელურად აღენიშნებოდა ფსიქიკური პრობლემებიც. ჩვენ ამ ეტაპზე დანამდვილებით იმის თქმა შეგვიძლია, რომ პერსონალის ან პაციენტების მხრიდან დაზიანება არ მიუღია", — განმარტეს კლინიკაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.