ნიკოლ ეიზენბერგის თქმით, მის უფროს ვაჟს ღრმა ბავშვობიდანვე სურდა ყოფილიყო სცენის ვარსკვლავი. ბიჭი ხმის, ცეკვისა და დრამის გაკვეთილებზე ბეჯითად დადიოდა და ცნობილ Stagedoor Manor-ის საზაფხულო ბანაკსაც ექვსი წლის განმავლობაში სტუმრობდა. მიუხედავად ამისა, დედა მაინც ღელავდა, რომ მის შვილს საუკეთესო საშემსრულებლო ხელოვნების პროგრამებში სასწავლებლად არ მიიღებდნენ.

ასე რომ არ მომხდარიყო, მისის ეიზენბერგი მიჩიგანის შტატის მდიდარი გარეუბნის სხვა მშობლებთან ერთად თავის შვილსა და მის მეგობრებს საქველმოქმედო ფონდის გახსნაში დაეხმარა. ფონდმა ოთხი წლის განმავლობაში 250 ათას დოლარზე მეტის შეგროვება შეძლო.

მისის ეიზენბერგის თქმით, დედები ამ ინიციატივის წამოწყებით კი დაეხმარნენ შვილებს, მაგრამ საქმე მათ მაგივრად არ გაუკეთებიათ: "მოვიძიეთ თუ არა სპონსორები მათთვის? - დიახ. შევაგროვეთ თუ არა მათთვის ფული? დიახ. მაგრამ სამუშაო ჩვენს შვილებს უნდა შეესრულებინათ", - აცხადებს ის.

მისის ეიზენბერგი შემოწირულობის გადარიცხვასაც კი ფიქრობდა მისი ვაჟის მიერ შერჩეულ კოლეჯში. "მაგრამ არ არსებობდა თანხა, რომელიც მის ჩასარიცხად საკმარისი იქნებოდა", - ამბობს დედა, - "სიტყვაზე მენდეთ, ჩემი მეუღლის მამამ ყველაფერი გაარკვია". (საბოლოოდ, ბიჭი ქვეყნის ორი საუკეთესო მუსიკალური თეატრის პროგრამამ მიიღო. ამასთან, ის 26 სკოლიდან კიდევ ცხრამაც აირჩია).

კოლეჯზე ფიქრი ეიზენბერგების ოჯახმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა მათი ვაჟი საფენებით დადიოდა. "ჩვენ ამ თემაზე მუშაობა მაშინ დავიწყეთ, როცა ის სულ რაღაც სამი წლის იყო", - ამბობს მისის ეიზენბერგი. როცა ჩაბარების დრო მოვიდა, "მე მას ოც მოსმენაზე გავყევი სხვადასხვა მუსიკალურ თეატრში. მიუხედავად იმისა, რომ მან ეს ყველაფერი ჩემთან ერთად გააკეთა, არ მიმაჩნია, რომ ყველაფერი ჩემი დამსახურებაა. მე მას მხარს ვუჭერდი. მე არ ვყოფილვარ დედა, რომელიც შვილს ვერტმფრენივით დასტრიალებს თავზე. ჩვენ ორივე პილოტები ვიყავით".

შეიძლება ეს მართალიცაა, თუმცა ვერტმფრენი დედა სულაც არაა ზედმეტად მზრუნველი მშობლის ერთადერთი ვერსია.

ვერტმფრენი მშობლის ტიპი, რომელიც საკუთარ შვილებს თავზე დასტრიალებს და მათ ყველა ფეხის ნაბიჯს აკონტროლებს, დღეს იმდენად ხშირად აღარ გვხვდება, როგორც გასული საუკუნის ბოლოს. ზოგიერთი მდიდარი მამა და დედა ახლა უფრო თოვლმწმენდივით მუშაობს: ქუჩებიდან თოვლის გადამწმენდი მანქანების მსგავსად, ისინი ბავშვების სავალ გზას დაბრკოლებებისგან ასუფთავებენ. მშობლების ქცევა საბოლოოდ მათ შვილებს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს - მათ აღარ უწევთ წარუმატებლობის, იმედგაცრუების ან შესაძლებლობის ხელიდან გაშვებით გამოწვეული უსიამოვნო გრძნობების განცდა.

სნოუფლოუინგი პრივილეგირებული ოჯახების აღზრდის მეთოდი გახდა. ამის შედეგად კი იზრდება თაობა, რომელიც ნებისმიერი საქციელისთვის ჯილდოს მიღებასაა დაჩვეული.

ხშირად ეს მისწრაფება კრიმინალურ სახესაც იღებს. მშობლები ფულს უხდიან კოლეჯში მისაღებად საჭირო ტესტირებებზე მომუშავე დამკვირვებლებს, ცდილობენ, მოისყიდონ კოლეჯის წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სტუდენტების ჩარიცხვებზე და ამ გზით აწყობენ თავიანთ შვილებს ელიტურ სასწავლებლებში. თუმცა ამით მათი მისია არ სრულდება - მშობლებს სურთ იმაშიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი შვილები ვერასოდეს გაიგებენ, რა გზით მოხვდნენ სასწავლებლებში.

აღზრდის მსგავსი მეთოდები კოლეჯების მიერ ქრთამის აღების ბოლოდროინდელ სკანდალურ შემთხვევებს ეხმიანება. ამ ფაქტთან დაკავშირებით 50 ადამიანს წაუყენეს ფართომასშტაბიან თაღლითობაში ბრალი. გამოძიების თანახმად, ერთ-ერთმა მშობელმა თავისი შვილი წყალბურთის მოთამაშედ გაასაღა. შემდეგ კი იმაზე დარდობდა, როცა ვაჟი სპორტულ შესაძლებლობებს ვერ გამოავლენდა, მისთვის თანატოლებს არ დაეცინათ. კოლეჯში საჭირო პირებთან შეთანხმების შედეგად, მშობელმა იმასაც მიაღწია, რომ მის შვილს გუნდში თამაში არასოდეს მოუწევდა. კიდევ ერთ მშობელს ბრალი ედებოდა იმ პირის მოსყიდვაში, რომელსაც მისი ვაჟის ნაცვლად უნდა გაევლო კოლეჯში ჩასაბარებელი ტესტირება. დედამ შემდეგ იგივე ტესტი შვილს სახლში გააკეთებინა, რათა მას ეფიქრა, რომ მართლაც თავად ჩააბარა გამოცდა.

ამ ფართომასშტაბიან გამოძიებაში მოხვედრილი მშობლების ქმედება ნამდვილად ვერ ჩაითვლება ნორმალურად. ისინი მართლაც თოვლმწმენდი მანქანებივით იქცეოდნენ: იცავდნენ შვილებს ნებისმიერი სახის სირთულის, რისკისა და პოტენციური იმედგაცრუებისაგან, რომელიც ყველა ადამიანს ხვდება, რადგან წარუმატებლობა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ნაკლებად აღმაშფოთებელი და სრულიად ლეგალური ფორმით, ასეთი ქცევა პრივილეგირებული ოჯახების აღზრდის მეთოდი გახდა. ამის შედეგად კი იზრდება თაობა, რომელიც ნებისმიერი საქციელისთვის ჯილდოს მიღებასაა დაჩვეული.

პროცესი ადრეული პერიოდიდან იწყება. მშობლები ელიტური სკოლამდელი დაწესებულებების მომლოდინეთა სიაში იქამდე იკავებენ ადგილს, სანამ მათი ბავშვები დაიბადებიან. ისინი ცდილობენ დარწმუნდნენ, რომ მათ შვილებს არასოდეს მოუწევთ ისეთი რამის გაკეთება, რაც მათ მარცხის გრძნობას განაცდევინებს. ეს ჩარევა კიდევ უფრო ინტენსიური ხდება სკოლის დაწყებისას: მშობლები სკოლებში დავიწყებულ დავალებებს მიარბენინებენ ან ურეკავენ მწვრთნელებს, რომ მათი ბავშვი გუნდში აიყვანონ.

მოგვიანებით, მშობლები თავად წერენ ახსნა-განმარტებას სკოლაში დაგვიანებულად ჩაბარებული დავალებისთვის, კოლეჯის მრჩეველებს კოლოსალური რაოდენობის თანხას უხდიან, რომ სრულყონ მათი შვილების მიღების საბუთები ან ურეკავენ კოლეჯის პროფესორებს და ნიშნების მომატებას სთხოვენ.

ქრთამის აღების სკანდალმა "უბრალოდ, გამოკვეთა ნორმად ქცეული მდგომარეობის ბნელი მხარეები. მშობლებს სურთ, დარწმუნდნენ, რომ მათ შვილებს ყველაფერი საუკეთესო აქვთ, რომ ისინი თავადაც საუკეთესონი არიან და ყველანაირ უპირატესობას ფლობენ. ისინი ვერ აანალიზებენ, როგორი დამღუპველი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი", - ამბობს მადელინ ლევინი, ფსიქოლოგი და ავტორი წიგნისა, ასწავლე შენს ბავშვს: რატომ არის ფასეულებებისა და აზროვნების უნარების განვითარება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ქულები, ჯილდოები და კოლეჯში მიღების დამადასტურებელი სქელი კონვერტები.

ტერმინი ჰელიკოპტერი მშობელი პოპულარული 1980-იან წლებში გახდა. აღზრდის მსგავსი მიდგომა შვილების ფიზიკურ უსაფრხთოებაზე შიშმა დაბადა.

"მათ თავიანთ შვილებს გზიდან ყველანაირი დაბრკოლება გადაუხვეტეს", - ამბობს ლევინი. მისივე თქმით, საკუთარ პრაქტიკაში ის რეგულარულად ხვდება კოლეჯის ახალწვეულებს, რომლებსაც რომელიმე ელიტური უმაღლესი სასწავლებლიდან წამოსვლა მოუწიათ, "რადგანაც მათ არ აქვთ გამომუშავებული კოლეჯში სწავლისთვის საჭირო მინიმალური უნარ-ჩვევები".
მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი სახლში იმიტომ დაბრუნდა, რომ საერთო საცხოვრებლის ოთახში ვირთხა შეამჩნია. ზოგს, უბრალოდ, ის თანატოლები არ მოეწონა, რომელთანაც ოთახის გაყოფა მოუწია. სხვებმა განაცხადეს, რომ ზედმეტად ბევრი სამუშაო იყო და დამოუკიდებელი სწავლისათვის საჭირო უნარები გამომუშავებული არ ჰქონდათ. ერთმა თქვა, რომ სასადილოში სოუსიანი სალათი დაუდეს. მისი მშობლები მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველა ძალას ხმარობდნენ, რომ მისთვის სოუსის ჭამის უსიამოვნო პროცესი აერიდებინათ. ამისათვის მეგობრების სახლებშიც კი წინასწარ რეკავდნენ, რომ სადილზე სტუმრად მისულ მათ გოგოს თავი უხერხულად არ ეგრძნო. კოლეჯის კაფეტერიაში კი მას სოუსმოსხმული საჭმელი დახვდა და ამ ამბავს ვერაფრით გაუმკლავდა.

"არსებობენ მშობლები, რომლებიც 18 წელი თავზე ევლებიან შვილებს იმაზე ფიქრით, რომ ცხოვრებას უადვილებენ, მაგრამ, სინამდვილეში, საპირისპირო რამეს აკეთებენ", - აცხადებს დოქტორი ლევინი.

დიახ, მშობლების მოვალეობაა, გვერდში ამოუდგნენ შვილებს და გამოიყენონ საკუთარი გამოცდილება, რათა, სანამ ისინი მომწიფდებიან, სათანადოდ მოამზადონ მომავლისათვის. სწორედ ამიტომ მალავენ ხოლმე მშობლები სათამაშოებს, როცა სურთ, რომ მათი პატარები არ გააზულუქონ, ან იქამდე ართმევენ თინეიჯერ შვილებს მანქანის გასაღებს, სანამ კოლეჯის მისაღებ გამოცდებს არ ჩააბარებენ.

თუკი ბავშვები არასოდეს აღმოჩენილან დაბრკოლების წინაშე, რა მოსდით მათ მას შემდეგ, რაც რეალურ სამყაროს შეეჯახებიან?

"ისინი იძირებიან", - გვპასუხობს ჯული ლითკოტ-ჰაიმსი, სტენფორდის უნივერსიტეტის ყოფილი დეკანი და ავტორი ნაშრომისა, როგორ აღვზარდოთ მოზარდი: გათავისუფლდით ზღვარსგადასული მშობლობის სურვილისაგან და მიეცით ბავშვს საშუალება, თავად გახდეს წარმატებული. ის აღნიშნავს, რომ სტენფორდში ყოფნისას ხშირად უნახავს, როგორ უთანხმებდნენ ზოგიერთი ახალწვეულის მშობლები საერთო საცხოვრებელში მყოფ სხვა სტუდენტებს მათ შვილებთან ურთიერთობის პირობებს, ან როგორ კამათობდნენ მათი შვილების დამსაქმებლებთან, როცა მათ სტაჟირების შემდგომ სამსახურს არ აწყებინებდნენ. პრობლემის ძირეული მიზეზი, მისი თქმით, ისაა, რომ ასეთ მშობლებს არასოდეს მიუციათ თავიანთი ბავშვებისათვის შეცდომის დაშვებს ან დაბრკოლებასთან გამკლავების უფლება.

ლითკოტ-ჰაიმსის თქმით, ასეთი ტიპის მშობლებს ყველაფერი უკუღმა ესმით: "მიზანი უნდა იყოს ბავშვის მომზადება გზისთვის და არა - გზის მომზადება ბავშვისათვის".

ტერმინი "ვერტმფრენი მშობელი" პოპულარული 1980-იან წლებში გახდა. აღზრდის მსგავსი მიდგომა შვილების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე შიშმა დაბადა. იმის შიშმა, რომ, მაგალითად, ბავშვი საქანელადან გადმოვარდებოდა ან მას ავტობუსის გაჩერებიდან გაიტაცებდნენ. 1990-იან წლებში ეს შიში "ინტენსიურ მშობლობაში", ანუ ზღვარსგადასულ მზრუნველობაში გადაიზარდა. მშობლები არა მხოლოდ აკონტროლებდნენ ბავშვებს, არამედ ჭკუასაც გამუდმებით არიგებდნენ.

ფოტო: Stewart Scott

შედეგად, მშობლებმა ბავშვების ვიქენდებისა და დღის თავისუფალი პერიოდების დამატებითი გაკვეთილებით, ვარჯიშითა და სპორტით ამოვსება დაიწყეს. სამომხმარებლო ხარჯების კვლევის მონაცემების მიხედვით, მშობლები ჩვენს დროში, წინა თაობებთან შედარებით, გაცილებით მეტ ფულს ხარჯავენ შვილების აღზრდაში. იმავე მონაცემებზე დაყრდნობით, დღევანდელი მომუშავე დედები იმავე რაოდენობის დროს უთმობენ შვილებთან ერთად პრაქტიკული აქტივობების კეთებას, რამდენსაც 1970-იან წლებში უმუშევარი დედები ანდომებდნენ დიასახლისობას. ამასთან, მობილური კავშირი და სოციალური მედია დღევანდელ მშობლებს თავიანთი შვილების ყველა ნაბიჯის გაკონტროლების საშუალებასაც აძლევს.

თოვლმწმენდი მშობლის ფენომენი ბავშვის აღზრდის კიდევ უფრო ავტორიტარული ფორმაა.

"მშობლები მუდმივად აკვირდებიან შვილების საქმიანობას, მათ ადგილსამყოფელს. ისინი ცდილობენ, ბავშვებს თავიდან ააცილონ გარკვეულ მოვლენებთან პირისპირ შეყრა, რაც, საბოლოოდ, მშობლებს შვილების წარმატების გზაზე აღმართულ ბარიერებად აქცევს", - ამბობს ლაურა ჰამილტონი, კალიფორნიის უნივერსიტეტის სოციოლოგი და ნაშრომის, მშობლობის ხარისხი: ოჯახის როლი კოლეჯში და მის მიღმა, ავტორი.

საბოლოო წარმატებად, როგორც წესი, კოლეჯში მიღება აღიქმება. ბევრი მდიდარი ოჯახისათვის ეს ყოველთვის იყო ერთგვარი სამკერდე ნიშანი, რომელიც ბავშვისა და მშობლების წარმატებას უსვამდა ხაზს. ამასთან, კოლეჯის ხარისხის ქონა საშუალო დონის შემოსავალის უზრუნველსაყოფად სულ უფრო მნიშვნელოვანი ატრიბუტად იქცა.

აღსანიშნავია, რომ კოლეჯში მიღების პროცესი ყოველწლიურად რთულდება და კონკურენციის დონეც მაღლა იწევს. აშშ-ში აპლიკანტების რიცხვი 1970-იანი წლების შემდეგ გაორმაგდა, ხოლო ადგილების რაოდენობა ყველაზე მოთხოვნად სკოლებში თითქმის არ შეცვლილა.

ამავდროულად, არ არსებობს გარანტია იმისა, რომ შვილები ისევე წარმატებულები იქნებიან თავიანთ საქმეში, როგორებიც მათი მშობლები იყვნენ. ჰარვარდის ეკონომისტების ჯგუფის კვლევის მიხედვით, ბავშვებს, რომლებიც 1950-იან წლებში დაიბადნენ, 80%-იანი შანსი ჰქონდათ, რომ მშობლებზე მეტი ფული გამოემუშავებინათ. ეს მაჩვენებელი 1970-იან წლებში დაბადებული თაობისთვის 61%-მდე დავიდა, ხოლო 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, შვილები იმასღა ცდილობენ, რომ მშობლებზე ნაკლები არ გამოიმუშაონ.

ყველა მშობლისთვის მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ ერევა შვილს ცხოვრება და თავისი (ან მშობლების) მიზნების მიღწევა უჭირს. თუმცა, ჩვენს დროში, წარუმატებლობა გაცილებით მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული.

"შეცდომის დაშვება სულ უფრო ფატალურად აისახება სასწავლო წლის საბოლოო შედეგებზე", - ამბობს მერილენდის უნივერსიტეტის სოციოლოგი ფილიპ კოენი, რომელიც აღზრდისა და უთანასწორობის ფენომენებს სწავლობს.

პრობლემა ისაა, რომ ბარიერების ჩამოშორება მშობლებს ჩვევად აქვთ გამჯდარი და მისი მოშორება ძალიან რთულია.

"თუ ამის კეთება სკოლის პერიოდიდან დაიწყე, კოლეჯის წლებში ვერ გადაეჩვევი", - ამბობს ლითკოტ ჰაიმსი, - "და თუ კოლეჯში იქცეოდი ასე, ამას მაშინაც გააგრძელებ, როცა შენი შვილისთვის სამსახურის დაწყების დრო მოვა. შენ თავად გამოძერწე შენი როლი შვილის ცხოვრებაში. ამ როლის მიხედვით, მუდამ მოგიწევს გაუმკლავდე შვილის პრობლემებს და ეს მდგომარეობა ნელ-ნელა უფრო გაუარესდება, რადგანაც შენი შვილი ვერ იქნება კონკურენტუნარიანი და ვერ შეძლებს ცხოვრებისეული სირთულეების დამოუკიდებლად მოგვარებას".

The New York Times-ისა და Morning Consault-ის გამოკითხვით, რომელშიც 18-დან 28 წლამდე ასაკის ბავშვთა მშობლები მონაწილეობდნენ, გაირკვა, რომ მშობლების სამი მეოთხედი თავად ნიშნავდა შვილისთვის საჭირო სხვადასხვა სახის შეხვედრებს, იქნებოდა ეს ვიზიტი ექიმთან თუ თმის სტილისტთან. ასევე, მშობლების იგივე რაოდენობა თავს ვალდებულად თვლიდა, შვილებისთვის სკოლის დავალებების დედლაინების მოახლოება შეეხსენებინა. თერთმეტმა პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი აუცილებლად დაუკავშირდებოდნენ თავიანთი ბავშვების დამსაქმებლებს, თუ მათ შვილებს სამსახურში ყოფნისას რაიმე პრობლემა შეექმნებოდათ.

გამოკითხული სტუდენტების მშობელთა თექვსმეტ პროცენტს ერთხელ მაინც დაურეკავს შვილისთვის, რათა ის გაკვეთილის თუ გამოცდის დაწყების წინ გაეღვიძებინა. რვა პროცენტი გამუდმებით ეკონტაქტებოდა კოლეჯის პროფესორებსა და ადმინისტრაციას, რათა მათგან და შვილის ქულებისა თუ ნებისმიერი სახის პრობლემის შესახებ ინფორმაცია მიეღო.

"ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რომ ამით შვილებისთვის სწორს აკეთებს", - ამბობს დევიდ მაკკალუხი, უმაღლესი სკოლის მასწავლებელი და წიგნის, შენ არ ხარ განსაკუთრებული და სხვა გამამხნევებელი ფრაზები, ავტორი, რომელმაც ტერმინ "თოვლწმენდის" პოპულარიზაციაში დიდი წვლილი შეიტანა, - "მშობლებს ესმით, რომ პრესტიჟული კოლეჯების დამთავრების შემდეგ შვილებს წარმატება ელით".

ეს არ ეხებათ მხოლოდ მდიდარ ოჯახებს. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ, სოციალური ფენისა თუ რასის მიუხედავად, მშობლები შვილების ცხოვრებაში ინტენსიურ ჩარევას ამჯობინებენ მაშინაც კი, როცა არ შეუძლიათ შეწვდნენ ამას ფინანსურად. ხშირად ეს შვილების ნაცვლად მოქმედებას გულისხმობს. უახლესი კვლევის მიხედვით, რომელშიც მშობლები აშშ-ის სხვადასხვა შტატიდან შეირჩნენ რასის, შემოსავლის თუ განათლების განურჩევლად, უმრავლესობამ განაცხადა, რომ ბავშვები აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართულები სკოლის გარეთ აქტივობებში, რათა მოწყენისთვის დრო არ დარჩეთ. მათი აზრით, თუ შვილს სკოლა არ მოსწონს, მშობლის ვალია, მასწავლებელს დაელაპარაკოს, რათა მან ბავშვს სხვა ტიპის აქტივობები შესთავაზოს.

თუმცა, ჭეშმარიტად თოვლმწმენდი მშობელთა უმრავლესობა მაინც შეძლებული ოჯახებიდანაა. მათ, ფულის გარდა, საჭირო კავშირებიც აქვთ და იციან, როგორ მოაგვარონ პრობლემები იქამდე, სანამ შვილები მათ წინაშე აღმოჩნდებიან. ოჯახები, რომლებსაც მსგავსი რესურსი არ გააჩნიათ, ვერ აბანდებენ ფულს სხვადასხვა გაკვეთილში და ვერც კოლეჯის მრჩევლებს უხდიან საჭირო თანხას. სწორედ ამიტომ მათ ნაკლები ზეგავლენა აქვთ კოლეჯის მისაღები გამოცდების მსვლელობაზეც და საოცრად კონკურენტულ დასაქმების სფეროზეც.

ფოტო: Matt Cardy / Getty

კაროლინ ო'ლოგლინი ერთ დროს სარა ლორენსსა და კოლუმბიაში რეზიდენტური ცხოვრების პროგრამის დირექტორად მუშაობდა, ახლა იმავე სამუშაოს ნაკლებად პრესტიჟულ, წმინდა ლუისის საზოგადოებრივ კოლეჯში ასრულებს. "აქ, ქუჩის ბოლოში მცხოვრებ მშობლებთან საუბარი იმდენად არ მიწევს, რამდენადაც ეს ადრე, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმობნეულ მშობლებთან მიხდებოდა", - ამბობს ის.

ელიტურ სკოლებში მუშაობისას, როგორც ო’ლოგლინი იხსენებს, ერთხელ ერთ-ერთმა მშობელმა სატელეფონო საუბრისას სთხოვა, მისთვის სკოლის სასადილოს სალათების მენიუ ეჩვენებინა, რათა თავისი შვილის ლანჩისთვის შესაფერისი საკვები აერჩია. ერთ-ერთი მშობელი კი ვიდეოზარის საშუალებით ცდილობდა მოეგვარებინა მიწის თხილის კარაქის მოპარვით გამოწვეული პრობლემა მის შვილსა და ოთახის მეზობელს შორის.

ო’ლოგლინს ახლა, ძირითადად, იმიგრანტებთან ან იმ სტუდენტებთან უწევს მუშაობა, რომელთა მშობლებსაც უმაღლესში არ უსწავლიათ.

"ამ სკანდალის შესახებ რომ ვკითხულობ, მასში გარეული მშობლებისაც მესმის“, - ამბობს ის, - "მაგრამ აქ ისეთი სტუდენტები მოდიან, რომელთა ოჯახებსაც კოლეჯში სწავლის გამოცდილება არ ჰქონიათ. ისინი დამოუკიდებლად ცდილობენ გაერკვიონ განათლების სისტემაში, რომელიც ხშირად სულაც არაა მათზე მორგებული. ამ ახალ გამოცდილებას ამ სტუდენტების და მათი მშოლების ცხოვრების სტილის გარდაქმნა შეუძლია".

ქეითი ტრენი, პენსილვანიის უნივერსიტეტის 22 წლის სტუდენტი, ვიეტნამიდან იმიგრირებული ოჯახის შვილია. მის მშობლებს კოლეჯში არ უვლიათ. "ისინი ემოციურად კი მიდგანან გვერდში, მაგრამ იმის გამოცდილება არ ჰქონიათ, რომ აეხსნათ როგორ მოვიქცე კოლეჯში ან რა მელოდება ახლო მომავალში", - ამბობს ტრენი.

მისი თქმით, კოლეჯისკენ მიმავალი გზის საკუთარი ძალისხმევით გავლა სასარგებლოა.

"მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ მეტად მაქვს განვითარებული დამოუკიდებლად ცხოვრებისა და საკუთარი თავის რწმენის უნარები, ვიდრე ჩემს მეგობრებს, რომელთა მშობლებმაც კოლეჯები დაამთავრეს. ჩემს ზოგიერთ მეგობარს საკუთარი ტანსაცმლის გარეცხვაც კი არ შეუძლია. ხანდახან მგონია, რომ სხვებზე სწრაფად გავიზარდე".

ისწავლო პრობლემების თავად მოგვარება, გარისკვა და იმედგაცრუების გადალახვა, ყველაზე მნიშვნელოვანი უნარებია ცხოვრებისათვის. ამას ამტკიცებენ ბავშვთა განვითარების ექსპერტებიც. და თუ მშობლები არ მისცემენ შვილებს საშუალებას, თავად გაუმკლავდნენ წარუმატებლობას, ბავშვები ვერ შეიძენენ ამ უნარებს. როცა სამი წლის ბავშვი თეფშს ძირს აგდებს და ხედავს, როგორ ტყდება ნივთი, მომავალში შეეცდება, უფრო ფრთხილად მოექცეს ჭურჭელს. როცა ოცი წლის სტუდენტს გამოცდის წინ ჩაეძინება, მომავალში აღარ დაავიწყდება მაღვიძარას დაყენება.

დღეისათვის თოვლწმენდა ისე შორს წავიდა, რომ ბევრი ახალგაზრდა კრიზისულ მდგომარეობაშია. მათ არ აქვთ პრობლემის მოგვარებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები და საჭირო გამოცდილება, რასაც, საბოლოოდ, ისინი სასოწარკვეთამდეც კი მიჰყავს. ამჟამად უკვე მთელი აშშ-ს მასშტაბით არა მხოლოდ კოლეჯებში, არამედ საბავშვო ბაღებშიც არსებობს სპეციალური კლასები, სადაც ბავშვებს ჩაჭრაში ამეცადინებენ და ასე უვითარებენ პრობლემის დაძლევისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

ბევრმა მშობელმა იცის, რომ მისი მდგომარეობა პრობლემატურია. მაგრამ, ამის მიუხედავად, ისევ განაგრძობს შვილებისთვის სავალი გზიდან დაბრკოლებების მოსუფთავებას, რადგან არ უნდა, ბავშვს თანატოლებმა რამეში აჯობონ.

ფოტო: Gregg DeGuire / WireImage

სერიალ Desperate Housewives-ის მსახიობი, ფელისიტ ჰაფმანი, რომელიც კოლეჯების მოქრთამვის საქმეში ფიგურირებს, წლების განმავლობაში ბავშვების ზრდასრულებივით მოპყრობის უპირატესობაზე საუბრობდა. დედებისთვის განკუთვნილ თავის ბლოგში (რომელსაც ინტერნეტში ვეღარ იპოვით), ჰაფმანი ბავშვების აღზრდის პროცესს აღწერდა, როგორც "დაბრკოლებების დაძლევის ერთ დიდ მოგზაურობას". სხვა პოსტში კი ის აქებდა სკოლის მოსწავლეებს "ყოველდღიურად იმ შენობაში მისვლისთვის, სადაც მათ გაურკვევლობა, სირთულე და მარცხის შესაძლებლობა ელით".

სულ ცოტა ხნის წინ მისის ჰაფმანს მისაღები გამოცდების დამკვირვებლის მოსყიდვის მცდელობაში წაუყენეს ბრალი. ბრალდების თანახმად, მან შვილისთვის ტესტში ქულების მომატების სანაცვლოდ დამკვირვებელს 15 ათასი დოლარი გადაუხადა.