მშობლებისთვის შვილის ყოლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა და შესაბამისად, მათი დროისა და ენერგიის დიდი ნაწილიც, სწორედ მათი პატარასკენ არის მიმართული.

განვითარებული სამყარო დიდი ხანია იმ მარტივ ჭეშმარიტებაზე შეთანხმდა, რომ შვილის აღზრდის საკმაოდ რთულ, ხანგრძლივ და საპასუხისმგებლო პროცესში დედაც და მამაც თანაბრად უნდა იყვნენ ჩართული.

კარგი ის არის, რომ პიროვნულთან ერთად, ტექნოლოგიური განვითარებაც ამაში კიდევ უფრო მეტად გვიწყობს ხელს. ეს იაპონური გამოგონება, რომელსაც დღეს გიჩვენებთ, ამის თვალსაჩინო მაგალითია.

საქმე ის არის, რომ ერთ-ერთმა იაპონურმა კომპანიამ შექმნა მოწყობილობა, რომელიც მშობლებს საშუალებას მისცემს, რომ მათი შვილის აღზრდაში თანაბარი წვლილი შეიტანონ. შვილების ძუძუთი გამოკვება აქამდე თუ მხოლოდ ქალებს შეეძლოთ, ახლა ამას კაცებიც უპრობლემოდ მოახერხებენ.

ინოვაციური გამოგონება, აი, ასე გამოიყურება:

ფოტო: Dentsu

"იაპონიაში იმაზე გაცილებით ნაკლებ დროს უთმობენ ძილს, ვიდრე მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში. ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი მშობლის მოვალეობებია, მათ შორის ღამით შვილის გამოსაკვებად და შემდეგ დასაძინებლად ადგომა. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით გაცილებით დიდ სტრესს ქალები განიცდიან. ეს მოწყობილობა კი მშობლებს დაეხმარებათ, რომ შვილებზე თანაბრად იზრუნონ და აღზრდის პროცესიც მათთვის ნაკლებად სტრესული გახდება. მაშინ, როდესაც მამა შვილის გამოკვებაზე იზრუნებს, დედა შეძლებს, რომ გამოიძინოს", — ამბობენ კომპანია Dentsu-ს წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ მოწყობილობას აქვს ვიბრაციის რეჟიმიც, რომელიც ბავშვს დაძინებაში ეხმარება და მისი სხვადასხვა რეჟიმის მართვა სპეციალურად მისთვის შექმნილი აპლიკაციიდან იქნება შესაძლებელი.

ფოტო: carlitoslow

მოწყობილობამ დღის სინათლე ჯერ მხოლოდ ტეხასში გამართულ თანამედროვე გამოგონებების ფესტივალზე იხილა, თუმცა, ძალიან მალე ის გაყიდვაში ჩაეშვება და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.