ქართული ოცნების დეპუტატები დავით მათიკაშვილი და ვანო ზარდიაშვილი პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ მედლებით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დეპუტატებს მედლები სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ საქართველოს კანონის მიღებისთვის გადასცეს. მედლები სპეციალურად დამზადდა 2018 წელს საქართველოს რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით.

"მსგავსი ჯილდო გადაეცემათ პიროვნებებს, საქართველოს სახელმწიფო ჰერალდიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის", — ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებიდან ირკვევა, რომ მედალი წარმოადგენს ნუმიზმატიკურ იშვიათობას. სულ დამზადებულია 30 ცალი, რომლითაც დაჯილდოვებულნი არიან:

  • ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ელდარ შენგელაია;
  • საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორი მამუკა გონგაძე;
  • ისტორიკოსი დავით მუსხელიშვილი;
  • საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი და სხვა პირები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელმწიფო ჰერალდიკის განვითარებაში.