დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ყოფილი ცოლის, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შესაძლოა ცემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში On.ge-ს განუმარტეს, გამოძიება ოჯახური ძალადობის მუხლით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

ინფორმაცია შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით ანა ბაგრატიონის ადვოკატმა ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მისი ყოფილი ქმარი მას ფიზიკურად არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით გაუსწორდა. დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე ბრალდებებს უარყოფს და მას "შავ პიარკამპანიას უწოდებს".

გუშინ, 28 მარტს რუსთავი 2-მა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ ანა ბაგრატიონმა დაზიანებები 2014 წლის 9 მაისს მიიღო. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ანა ბაგრატიონს სახესა და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლნაღვენთები, ხოლო დაზიანებები რამე მკვირვი-ბლაგვი საგნის მიერ არის განვითარებული.

დასკვნას თან ახლავს თვითონ ბაგრატიონის მონათხრობი, რომელშიც წერია, რომ ქმარი ურტყამდა მუშტებს, გაშლილ ხელს, ფეხებს თავსა და სხეულზე. ამავე დოკუმენტში წერია, რომ შემთხვევის შემდეგ ანა ბაგრატიონს სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს. ადვოკატი, ლევან გორელაშვილი რუსთავი 2-თან ყვება, რომ ქორწინების განმავლობაში ქმარმა ცოლი არაერთხელ სცემა.

ბაგრატიონების სასამართლო დავა

ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკებმა დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სასამართლოში უჩივლეს. გრუზინსკები მუხრანელს საქართველოს სამეფო სახელის უნებართვოდ გამოყენებაში ედავება. გრუზინსკები ამბობენ, რომ ისინი არიან სამეფო გვარის ძირითადი შტო, შესაბამისად სამეფო ტახტის მემკვიდრეები, რასაც მუხრანელის მხარე ეწინააღმდეგება.

დავის სირთულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო დავას განიხილავს კოლეგიური (სამი მოსამართლის) შემადგენლობით – მაია გიგაური (თავმჯდომარე), თამარ ლაკერბაია, გიორგი გოგიჩაშვილი.

ამავე დროს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე ითხოვს, რომ წარმომავლობის დასამტკიცებლად მხარეებმა დნმ კვლევა ჩაიტარონ, რაზეც გრუზინსკები უარს ამბობენ