სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშით, რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ბიუჯეტში, დაახლოებით, 177 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა. უწყების ანგარიში 2018 წლის პერიოდს ეხება და აღნიშნულია, რომ ოკუპირებული რეგიონები ფინანსურად რუსეთზე არიან დამოკიდებული.

ანგარიშის მიხედვით, პირდაპირი ფინანსური დახმარების წილმა დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტში დაახლოებით 45% (64 მლნ აშშ დოლარი), ხოლო ცხინვალის რეგიონის ე.წ. ბიუჯეტში დაახლოებით 86% (113 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ე.წ. ბიუჯეტების დარჩენილი წილი რუსეთის არაპირდაპირი ფინანსური დახმარებით შეივსო.

სუს-ის თქმით, რუსეთის ფედერაცია კვლავ იყენებდა ოკუპირებულ რეგიონებს საკუთარი ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო მიზნებისთვის.

"2018 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მსგავსად, ოკუპირებულ აფხაზეთში ოპერირება დაიწყო რუსული საბანკო სექტორის წარმომადგენლობამ, რომელსაც, დიდი ალბათობით, რუსეთის ფედერაცია უკანონო ფინანსური ოპერაციებისთვის იყენებს. ამავე პერიოდში დაიწყო ე.წ. აფხაზური საბანკო ბარათების გამოყენება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეკონომიკური ურთიერთობები გააქტიურდა სირიის არაბთა რესპუბლიკასთან", — აღნიშნულია ანგარიშში.

სუს-ის ანგარიში ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ და უფლებრივ მდგომარეობას. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2018 წელს ცხინვალის მიმართულებით 100, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით 28 უკანონო დაკავების ფაქტი იყო. მათივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველები დისკრიმინაციის მსხვერპლი კვლავ არიან.

"ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე კრიმინოგენური ვითარება, ტოტალური კორუფცია, ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო უფლებების სრული იგნორირება, დაუსჯელობის განცდა, ასევე ადგილზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები საფრთხეს უქმნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეს, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა", — ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამავე ანგარიშში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოკლული არჩილ ტატუნაშვილსა და გიგა ოთხოზორიაზე. სუს-ის ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან სიმართლის დადგენისა და დამნაშავეების დასჯის მიზნით ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა.