2022 წლიდან ევროპასა და დიდ ბრიტანეთში თქვენმა მანქანამ შესაძლოა სიჩქარის გადაჭარბების საშუალება არ მოგცეთ.

ევროკავშირის მიერ განხილული ახალი კანონის თანახმად, 2022 წლიდან მწარმოებლები შესაძლოა ვალდებულნი გახდნენ, რომ მანქანებში სპეციალური სისტემა ჩაამონტაჟონ, რომელიც მანქანის სიჩქარეს გზაზე დაწესებული მაქსიმალური სიჩქარის მიხედვით შეზღუდავს.

ევროკავშირს არ განუსაზღვრავს, ზუსტად რომელი ტექნოლოგიით უნდა მოხდეს აღნიშნული მიზნის მიღწევა. ზოგიერთ მწარმოებელს უკვე აქვს შექმნილი მექანიზმები, რომლებიც GPS-ისა და კამერების საშუალებით გზაზე დაწესებულ ზღვრულ სიჩქარეს აფიქსირებენ.

კომისიის წევრი ელზბიეტა ბინკოვსკა აცხადებს, რომ ყოველწლიურად ევროპაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 25 000 ადამიანი იღუპება, შემთხვევების უმეტესობა კი ადამიანის მიერ დაშვებული შეცდომით არის გამოწვეული.

"ახალი სისტემის დანერგვა ისეთივე გავლენას მოახდენს, როგორიც უსაფრთხოების ღვედების დანერგვამ მოახდინა", - აცხადებს ის.

გარდა სიჩქარის ავტომატური შეზღუდვისა, 2022 წლიდან სავალდებულო გახდება ავტომატური მუხრუჭები, უკანა ხედვის კამერა და ინფორმაციის ელექტრონული ჩამწერი სისტემაც.

სავარაუდოდ, სიჩქარის შემზღუდველი სისტემა კონკრეტულ გზატკეცილზე მაქსიმალურ სიჩქარეს კამერებისა და GPS-ის საშუალებით დაადგენს, ხოლო მისი გადაჭარბებისას კი მანქანა ავტომატურად შენელდება. სისტემის დანერგვის საწყის ეტაპებზე მძღოლებს მისი გათიშვა ამაჩქარებელ პედალზე ფეხის ძლიერად დაჭერით შეეძლებათ, თუმცა ეს შესაძლებლობა სავარაუდოდ დროებითი იქნება.

ევროპული პარლამენტი აღნიშნული სისტემის დანერგვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას სექტემბერში მიიღებს.