ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურ მუშაკებთან შეხვედრაზე პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩენილა და მისი ვარაუდით, ისინი გაფიცვას ხვალ შეწყვეტენ. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

"საერთო შეთანხმება არის ის, რომ ყველა პუნქტი განვიხილეთ, გავაანალიზეთ. საბოლოოდ მათი პოზიცია იყო, რასაც ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ, დოკუმენტის სახით გააცნობენ სხვა სოციალურ მუშაობს, მოუსმენენ მათ მოსაზრებას და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას გაფიცვის შეწყვეტის შესახებ", — თქვა სერგეენკომ.

მისივე თქმით, ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება უკვე დაწყებულია და კონკრეტული გეგმა სოციალური მუშაკებისთვის უმეტესწილად მისაღებია.

რაც შეეხება ხელფასების ზრდას, სერგეენკო ამბობს, რომ მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში ეს ვერ მოხდება, მაგრამ ცხრა თვის შემდეგ იგეგმება. მისივე თქმით, დაწყებულია მუშაობა თბილისსა და რეგიონებში ფსიქოლოგების დამატებასთან დაკავშირებით. სერგეენკომ აქვე თქვა, წელს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკის პოზიციაზე 50 ვაკანსია გამოცხადდება.

25 მარტს ქვეყნის მასშტაბით სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკი გაიფიცა. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ბენეფიციარებისათვის ეფექტიანი და მყისიერი მომსახურებების შექმნას ითხოვენ.