პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოში თითოეული სოციალური მუშაკის სამუშაო გრაფიკი მძიმეა. პრემიერმა აღნიშნა ისიც, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ პროფესიას და რა პასუხისმგებლობა აკისრიათ დასაქმებულებს. ამის შესახებ მან დღეს, 28 მარტს მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა.

"სოციალური პოლიტიკა ჩვენი გუნდის პრიორიტეტია. ჩვენ წლიდან წლამდე ვცდილობთ, ჩვენი სოციალური სერვისები გავზარდოთ და ბუნებრივია, ამ ადამიანების სამუშაო გრაფიკიც ხდება უფრო და უფრო რთული", — თქვა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მას წარუდგინა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რაც სოციალური მუშაობის სფეროში დასაქმებული ადამიანების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

გუშინ, 27 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თქვა, რომ მათი გეგმაა სოციალური მუშაკების სამუშაო ტვირთისგან განტვირთვაა. ასევე, პროფესიული მხარდაჭერა, რათა ისინი ერთი ერთზე აღარ იყვნენ პრობლემების პირისპირ და ტექნიკური მხარდაჭერა. სერგეენკომ აღნიშნა ისიც, რომ ხელფასის ზრდა კომპლექსური საკითხია და ეს "მძაფრად გამოხატული პროტესტის გამო" ვერ მოხდება.

სოციალური მუშაკების პროტესტი

სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს 21 მარტს აცნობეს, რასაც წინ თვენახევრიანი უშედეგო მედიაცია უძღოდა. მედიაციის პროცესი სოციალურ მუშაკებსა და სამინისტროს შორის თებერვალში დაიწყო. სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ წლების წინ ბავშვთა ზრუნვის სისტემის წარმატებით დაწყებული რეფორმა ვეღარ ფუნქციონირებს და ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს მორგებული არაა.

თამარ ბარკალაიას თქმით, მედიაციის პროცესში რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა და სხვადასხვა ხანგრძლივობის სამუშაო გეგმა გაიწერა. როგორც ის ამბობს, პრობლემების ნაწილი უკვე მოგვარებულია.

"ტრანსპორტირების ნაწილი მოგვარებულია, ანუ გადანაწილებულია მანქანები, დამატებითი მანქანების მოთხოვნებიც არის. არის ინფრასტრუქტურული საჭიროებები და ცალკე ოთახები მოთხოვნილი სოციალური მუშაკების მიერ, რომელიც შეფასებულია და ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. არის მეთოდოლოგიური საკითხები, რომელთა მოგვარებაც უკვე დაწყებულია", — აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

25 მარტს სოციალურმა მუშაკებმა მთავრობის კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მათ სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ბენეფიციარებისთვის ეფექტიანი და მყისიერი მომსახურებების შექმნა მოითხოვეს. მათივე თქმით, გაფიცვით პროფესიისა და ბენეფიციარების დაცვას ცდილობენ.

ამავე თემაზე: სოციალური მუშაკი — პროფესია, რომლის მნიშვნელობასაც სისტემა ვერ ხვდება