დღეს დილით ინდოეთმა ორბიტაზე რაკეტა გაუშვა, რომელმაც ინდური თანამგზავრი გაანადგურა.

ინდოეთის პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოდიმ თანამგზავრის განადგურების შემდეგ კომენტარი მალევე გააკეთა და განაცხადა, რომ ანტითანამგზავრული (ASAT) სისტემის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. მისი თქმით, აღნიშნული მისიის შემდეგ ინდოეთი კოსმოსურ საკითხებში ანგარიშგასაწევ ძალად იქცა.

მოდიმ ასევე დაადასტურა, რომ განადგურებული თანამგზავრი ინდოეთს ეკუთვნოდა.

"ჩვენმა მეცნიერებმა ორბიტაზე არსებული თანამგზავრი გაანადგურეს. ამას სულ რაღა სამი წუთი დასჭირდა. ამ დრომდე, ეს შესაძლებლობა მხოლოდ აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს გააჩნდა. ინდოეთი კი მსგავსი უნარის მქონე მეოთხე ქვეყანა გახდა", - განაცხადა მან.

მოდი და მისი მხარდამჭერები მისიას დიდ წარმატებად აღიქვამენ, თუმცა მსგავსი ქმედება საფრთხის შემცველია. ეს ტესტი შესაძლოა კოსმოსურ საკითხებში ურთიერთობების დაძაბვის საწინდარი გახდეს, გარდა ამისა, ორბიტაზე თანამგზავრის განადგურებამ შესაძლოა სხვა სახის პრობლემებიც წარმოშვას.

ორბიტაზე თანამგზავრის განადგურება დიდი რაოდენობით კოსმოსურ ნაგავს წარმოქმნის, რომელიც ახლა დედამიწის ორბიტაზეა მიმოფანტული. ეს ობიექტები შესაძლოა სხვა ხომალდებსა და თანამგზავრებს დაეჯახოს, რაც შეიძლება კაცობრიობისათვის სავალალო შედეგებით დასრულდეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ობიექტები საფრთხეს არა მხოლოდ თანამგზავრებს, არამედ ადამიანებსაც უქმნიან, რომლებიც ამჟამად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფებიან.

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტა განადგურებული თანამგზავრისაზე 100 კილომეტრით უფრო მაღლაა, თუმცა შეჯახების პატარა შანსი მაინც არსებობს.

"აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი ინდოეთის მიერ განადგურებული თანამგზავრის შესახებ ინფორმირებულია და ისინი სიტუაციას აქტიურად აკვირდებიან", - განაცხადა აშშ-ს საჰაერო ძალების წარმომადგენელმა.

ორბიტაზე მომხდარი ნებისმიერი შეჯახება გაფანტული ობიექტების ღრუბელს წარმოქმნის, რომელშიც თითოეული პატარა ნაწილაკი საათში 28 000 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს. ასეთი სიჩქარით მოძრაობისას პატარა ნაწილაკებსაც კი შეუძლიათ, რომ დაჯახების შემთხვევაში თანამგზავრები მწყობრიდან გამოიყვანონ. ნასას მეცნიერის, ჯეკ ბეიკონის თქმით, ასეთი სიჩქარით შეჯახებისას გოლფის ბურთის ხელა ალუმინის სფეროს ისეთივე აფეთქების გამოწვევა შეუძლია, როგორიც 7 კილოგრამ TNT-ს.

მოვლენების ყველაზე საშიში განვითარება კი კესლერის სინდრომის სახელით არის ცნობილი. მსგავსი შემთხვევა პირველად მეცნიერემა დონალდ ჯ. კესლერმა 1978 წელს აღწერა. ასეთ დროს, ორბიტაზე მომხდარი აფეთქება კოსმოსური ნაგვის დიდ ღრუბელს წარმოქმნის, რომელიც სხვა შეჯახებების წყარო ხდება, რაც თავისმხრივ კიდევ უფრო მეტ შეჯახებას იწვევს, საბოლოოდ კი შეჯახებების დიდი კასკადი მიიღება. მოვლენების ამ კუთხით განვითარების შემდეგ დედამიწის ორბიტა შესაძლოა კოსმოსურმა ნაგავმა სრულად მოიცვას, რის შემდეგაც კოსმოსში ხომალდების გაშვება გარკვეული დროით შეუძლებელი გახდება.

საბედნიეროდ, ინდოეთის მიერ განადგურებული თანამგზავრი პატარა იყო, თანაც ის დაბალი სიმაღლის ორბიტაზე იმყოფებოდა, რის გამოც შეჯახების შედეგად წარმოქმნილი ობიექტების უმეტესი ნაწილი უახლოეს მომავალში დედამიწის ატმოსფეროში შემოვა და დაიწვება.

მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ცდების ჩატარებისას ქვეყნებმა მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა მკაცრი რეალობის წინაშე აღმოვჩნდეთ.