ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს სოციალური მუშაკების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიასთან, გედევან ფოფხაძესთან და დავით ჭიჭინაძესთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა.

"ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტი დაინტერესებულია ამ საკითხით. ჩვენ წარმოვადგენთ ამ ადამიანების ინტერესს და შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ჯანდაცვის მინისტრს იმ ფორმატში, რომელსაც ის აირჩევს, თუნდაც თავისი ინიციატივით მობრძანდეს პარლამენტში და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გააკეთოს განცხადება. ეს არის საშუალება, სადაც ცივილიზებული, პოლიტიკური გზით შეგვიძლია პრობლემის მოგვარება. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ამოცანა, კონკრეტული და შეთანხმებული გეგმა, ისე რომ ამ ადამიანების ინტერესი იყოს დაცული", — აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

სოციალური მუშაკები საქართველოს მაშტაბით მეოთხე დღეა გაფიცულები არიან. დღეს, 28 მარტს მათ ჯანდაცვის სამინისტროსთან სამუშაო ფორმატში მუშაობა განაახლეს. სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, კადრების დამატებას, ხელფასის მომატებასა და სწორ სოციალურ პოლიტიკას მოითხოვენ.