კვირას, 31 მარტს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართება. ეს ქვეყნის ისტორიაში რიგით მეშვიდე საპრეზიდენტო არჩევნებია. უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომიტეტმა სულ 39 კანდიდატი დაარეგისტრირა. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, გამოკვეთილია ლიდერთა ხუთეული, რომელთაც წარმატების ყველაზე დიდი შანსი აქვთ.

ლიდერთა ხუთეულში მოხვდნენ როგორც მდიდარი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები, ასევე, შედარებით ახალბედა კანდიდატები. წარმატების მაღალი შანსი აქვთ: ვლადიმერ ზელენსკის, პეტრო პოროშენკოს, იულია ტიმოშენკოს, იური ბოიკოსა და ანატოლი გრიცენკოს.

ვლადიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი, ვლადიმერ ზელენსკი

ფოტო: foxnews.com

41 წლის კომედიანტი ვლადიმერ ზელენსკი ყველაზე ახალგაზრდა და ახალბედა კანდიდატია. ამის მიუხედავად, სწორედ, ზელენსკი ლიდერობს ყველა წინასაარჩევნო გამოკითხვაში. სხვადასხვა მონაცემებით, მას ამომრჩევლების 30 პროცენტამდე უჭერს მხარს.

ბიოგრაფია მოკლედ

დაიბადა ქალაქ კრივოი როგში, აქვე მიიღო იურიდიული განათლებაც, თუმცა პროფესიით არასდროს უმუშავია. 1996 წლიდან მონაწილეობდა რუსულ იუმორისტულ შოუში, მხიარულთა და საზრიანთა კლუბი. 2003 წელს შოუს ხელმძღვანელებთან კონფლიქტის გამო შეწყვიტა თანამშრომლობა და გადაინაცვალა უკრაინულ ტელეარხზე 1+1. 2005 წელს ჩამოაყალიბა იუმორისტული სტუდია 95-ე კვარტალი, რომელიც მრავალი წარმატებული რეიტინგული შოუს ავტორია. 2015 წელს სატელივიზიო სერიალის ხალხის მსახურის პრემიერა შედგა. შოუში ზელენსკი მასწავლებლის როლს ასრულებს, რომელიც უეცრად ქვეყნის პრეზიდენტი ხდება. 2018 წელს ზელენსკიმ, ამავე, სახელწოდების პარტია დააარსა, ხოლო 2018 წლის 31 დეკემბერს, ტელეარხ 1+1-ის პირდაპირ ეთერში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა.

საარჩევნო პროგრამა მოკლედ

ზელენსკის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისში იგი მხოლოდ ერთი ვადით დარჩება და მეორე ვადაზე კენჭისყრას არც შეეცდება. გამარჯვების შემთხვევაში, პირველივე კანონით ზელენსკი პირდაპირი დემოკრატიის დამყარებას შეეცდება. მიზანია, ხელისუფლების წინაშე არსებული ამოცანები ხალხმა პირდაპირი წესით, რეფერენდუმით განსაზღვროს. ზელენსკის პრიორიტეტებშია, სოციალური პროგრამები და სახელმწიფო მხარდაჭერის გაზრდა მოსახლეობის გაჭირვებული ნაწილისთვის. საარჩევნო პროგრამის მიხედვით, უკრაინა მსოფლიოში წამყვან სასურსათო ეკო სუპერმარკეტად უნდა იქცეს.

რაც შეეხება რუსეთს, ზელენსკი დონბასისა და ლუგანსკის რეგიონში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის პირობას დებს. წლების განმავლობაში ზელენსკი აქტიურად თანამშრომლობდა რუსულ შოუ ბიზნესთან, თუმცა 2014 წლის შემდეგ უარს ამბობს რუსეთში ჩასვლაზე. ასევე, გაჟონა ინფორმაციამ მის საკუთრებაში არსებული ბიზნესის შესახებ რუსეთში, თუმცა თავად კანდიდატი ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ რუსეთთან არაფერი აკავშირებს.

ხელშემყობი ფაქტორები

  • ძველი პოლიტიკური ელიტით გადაღლილი და იმედგაცრუებული უკრაინელებისთვის ზელენსკი ახალი და სუფთა რეპუტაციის კანდიდატია;
  • მოსახლეობის დიდ ნაწილში ზელენსკი სერიალ ხალხის მსახურში მის მიერ შესრულებულ პერსონაჟთან ასოცირდება;
  • ეფექტური წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც, ძირითადად, რეგიონებში კონცერტებსა და სოციალურ ქსელებში ამომრჩეველთან ინტერაქციაზეა გათვლილი.

ხელისშემშლელი ფაქტორები

  • პოლიტიკური გამოუცდელობა;
  • ოლიგარქ იგორ კოლომოისკისთან შესაძლო კავშირი;
  • ინფორმაცია რუსეთში არსებული ბიზნესის შესახებ.

პეტრო პოროშენკო

პეტრო პოროშენკო

ფოტო: dw.com

წინასაარჩევნო გამოკითხვებით უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი მეორე ადგილს იკავებს. მას ამომრჩევლების 17 პროცენტამდე უჭერს მხარს. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა პოროშენკო ლეონიდ კუჩმას რეკორდის გამეორებას და პრეზიდენტის პოსტის მეორედ დაკავებას.

ბიოგრაფია მოკლედ

ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი უკრაინელი. საკონდიტრო კორპორაცია როშენის დამფუძნებელი. სხვადასხვა დროს პოროშენკო მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობდა. ვიქტორ იუშენკოსა და ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს, ნამეშევარი აქვს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრად, ასევე, იყო რადას დეპუტატი და უშიშროების საბჭოს მდივანი. პოროშენკო პრეზიდენტად 2014 წლის მაიდნის მოვლენების შემდეგ აირჩიეს. მისი მთავარი დაპირება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება და კორუფციის აღმოფხვრა იყო. არსებობს კითხვები მის ბიზნესთან დაკავშირებით, რომლის გაყიდვის პირობაც მან წინასაარჩევნო კამპანიის დროს დადო.

პროგრამა მოკლედ

პოროშენკოს პროგრამის მთავარ მიზანი ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის გაწევრიანებაა. ამ პირობის შესრულების ვადად იგი 2023 წელს ასახელებს. მოქმედი პრეზიდენტი, ასევე, კორუფციის აღმოფხვრისა და რეფორმების გაგრძელების პირობას იძლევა. პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინდუსტრიული და სატრანსპორტო სექტორი. რაც შეეხება რუსეთს, პოროშენკო საკუთარ თავს ვლადიმერ პუტინისთვის ყველაზე არასასურველ კანდიდატად მოიხსენიებს.

ხელშემწყობი ფაქტორები

  • ადმინისტრაციული რესურსი, ყველაზე მსხვილ ქალაქებში კარგად ორგანიზებული საარჩევნო ქსელი;
  • პუტინის პირადი მტრისა და ქვეყნის პატრიოტის იმიჯი, რომელმაც ფეხზე დააყენა უკრაინის არმია;
  • ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მიღება.

ხელისშემშლელი ფაქტორები

  • მოსახლეობის იმედგაცრუება მოქმედი ხელისუფლების მიმართ;
  • პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის შესაძლო კავშირები კორუფციასთან;
  • უკრაინის ტერიტორიული პრობლემების გადაუჭრელობა.

იულია ტიმოშენკო

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი, იულია ტიმოშენკო

ფოტო: YuliaTymoshenko/Facebook

იულია ტიმოშენკოს ხშირად უკრაინის ისტორიაში ყველაზე ძლიერ ოპოზიციონერად მოიხსენიებენ. ორჯერ მიიღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში და ორჯერვე მეორე ადგილი დაიკავა. სოციოლოგიური გამოკითხვებით, მისი მხარდამჭერთა რაოდენობა 14 პროცენტს უახლოვდება.

ბიოგრაფია მოკლედ

ტიმოშენკო ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილი უკრაინელი პოლიტოსია. იგი ბიზნესიდან პოლიტიკაში 1997 წელს წავიდა. ორჯერ იკავებდა პრემიერ მინისტრის პოსტს, ორჯერ არის ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულების მუხლებით. საკუთარ დაპატიმრებას ორივე შემთხვევაში პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა. ინიცირებული აქვს იმპიჩმენტის პროცედურები უკრაინის ოთხი პრეზიდენტის წინააღმდეგ.

პროგრამა მოკლედ

პირდაპირი დემოკრატიის დანერგვა — ტიმოშენკოს თქმით, უკრაინელებს ექნებათ საშუალება მყისვე შეცვალონ არსებული ხელისუფლება რეფერდუმის გზით.

ტიმოშენკოს საარჩევნო პროგრამის მიხედვით, ხუთ წელში საშუალო ხელფასი უკრაინაში პოლონეთისას გაუთანაბრდება. ინაუგურაციიდან ერთ თვეში გაზი ორჯერ გაიაფდება, ხოლო იპოთეკურ სესხებზე მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 3 პროცენტით განისაზღვრება. ტიმოშენკო, ასევე, გეგმავს რუსეთისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს. მისი თქმით, არსებული ხელისუფლება მაქსიმალურად უწყობს ხელს რუსეთის ინტერესებს.

ხელშემწყობი ფაქტორები

  • მობილიზებული და ერთგული ელექტორატი, რომელიც უკვე მრავალი წელია მისი მხარდამჭერია;
  • მრავალწლიანი პოლიტიკური გამოცდილება;
  • კარგად ორგანიზებული პარტიული სტრუქტურა.

ხელისშემშლელი ფაქტორები

  • ასოცირებულია პოლიტიკოსების ძველ, კორუმპირებულ თაობასთან;
  • 2009 წელს ვლადიმერ პუტინთან გაფორმებული საგაზო ხელშეკრულება;
  • კრიტიკა პოპულიზმის გამო.

იური ბოიკო

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი, იური ბოიკო

ფოტო: daily.com.ua

იური ბოიკო რეგიონების პარტიის ყველაზე მსხვილი განაყოფის ლიდერი და ვიქტორ იანუკოვიჩის თანამოაზრეა. ამასთანავე, იგი ყველაზე პრორუსული შეხედულებების კანდიდატია. გამოკითხვებით, მის სასარგებლო პოზიციას ამომრჩევლების 10 პროცენტი დაიჭერს.

ბიოგრაფია მოკლედ

იური ბოიკო საბჭოთა კომუნისტური ნომერკლატურის წევრია. სსრკ-ს დროს სხვადასხვა წარმოების ხელმძღვანელად მუშაობდა. პოლიტიკაში აქტიურად 1990-იანი წლებიდან მოღვაწეობს. ვიქტორ იუშენკოსა და ნიკოლაი აზაროვის მთავრობაში ვიცე-პრემიერის პოსტს. ორჯერ იკავებდა ვიცე.

პროგრამა მოკლედ

ბოიკო უკრაინისთვის ნეიტრალური და უბლოკო სტატუსის მომხრეა. მისი პროგრამით, კიევი პირდაპირ მოლაპარაკებებზე უნდა წავიდეს კონფლიქტის ყველა მხარესთან ყირიმის, დონბასისა და ლუგანსკის რეგიონში. იგი, ასევე, გეგმავს, მშობლიურ ენაზე სწავლების უფლების დაბრუნებას და სამედიცინო და საპენსიო რეფორმის გაუქმებას. მისი პირობით, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების შემთხვევაში კონფლიქტები მშვიდობიანად გადაწყდება.

ხელისშემწყობი ფაქტორები

  • უკრაინის არსებული საგარეო კურსით უკმაყოფილო ელექტორატის სიმპატიები;
  • რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის დაპირება — არჩევნებამდე ათი დღით ადრე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც ანატოლი მედვედევს შეხვდა;
  • ძლიერი და მკაცრი მეურნის იმიჯი.

ხელისშემშლელი ფაქტორები

  • საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, უკრაინულ პოლიტიკაში ბოიკოს რამდენიმე კონკურენტი ყავს, მათ შორის ყველაზე მდიდარი უკრაინელის, რენატ ახმეტოვის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, ალექსანდრ ვილკული;
  • მის სახელთან დაკავშირებული არაერთი კორუფციული სკანდალი;
  • ასოცირება ვიქტორ იანუკოვიჩის ფიგურასთან.

ანატოლი გრიცენკო

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი, ანატოლი გრიცენკო

ფოტო: opinionua.com

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პოლკოვნიკი. მისი ამომრჩეველთა რაოდენობა 7-10 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. გრიცენკოს მისი ამოცანაა მოიპოვის იმ ელექტორატის მხარდაჭერა, რომელიც პოროშენკოსა და ტიმოშენკოს ხმას არ აძლევს.

ბიოგრაფია მოკლედ

61 წლის ყოფილი საკადრო ოფიცერი. ვიქტორ იუშენკოს პრეზიდენტობისას 2 წლის განმავლობაში თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. მჭიდროდ თანამშრომლობდა ნატოსთან. იყო უმსხვილესი ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი. მოგვიანებით შექმნა საკუთარი პარტია და 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოულოდნელი მარცხის შემდეგ პოლიტიკიდან წავიდა. ამ დრომდე კიევის უნივერსიტეტში კითხულობდა საავტორო კურსს ეროვნული უსაფრთხოების შესახებ.

პროგრამა მოკლედ

ხალხთან დაახლოება, კორუფციის აღმოფხვრა და ბიუროკრატიის შემცირება გრიცენკოს მთავარი შიდა პოლიტიკური დაპირებებია. მისი პროგრამით, დონბასისა და ლუგანსკის რეგიონი უკრაინის შემადგენლობაში ყველანაირი სპეცსტატუსის გარეშე დაბრუნდება. შემცირდება ფასები მედიკამენტებზე და ამ ყველაფრის შესასრულებლად, გრიცენკოს აზრით, ხუთი წელი საკმარისია.

ხელისშემწყობი ფაქტორები

  • ბოლო წლების განმავლობაში კორუფციულ პოლიტიკურ სკანდალებთან კავშირის არქონა;
  • სხვა ოპოზიციონერების კეთილგანწყობა — მომავალ არჩევნებზე მის სასარგებლოდ ორმა ოპოზიციონერმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა;
  • პატრიოტი სამხედრო პირის იმიჯი.

ხელისშემშლელი ფაქტორები

  • თავდაცვის მინისტრობის პერიოდში სამხედრო ქონების განიავების ბრალდებები;
  • დონბასის სამხედრო კონფლიქტში არჩართვა, დისტანცირება;
  • გრიცენკოს სავარაუდო ელექტორატზე მორგებული კანდიდატების სიმრავლე.