თბილისის საქალაქო სასამართლომ გაუპატიურებისა და ძარცვის საქმეზე ბრალდებული ტაქსის მძღოლი დამნაშავედ სცნო და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურის მტკიცებულებების მიხედვით, ტაქსის მძღოლმა მგზავრი ცემითა და მუქარით გააუპატიურა. შემთხვევა 2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 03:30 საათზე მოხდა. ბრალდების მხარის ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ტაქსის მძღოლმა დაზარალებულს, რომელიც ავტომანქანიდან თავისი ხელჩანთის აღებას ცდილობდა, სახის არეში ხელი დაარტყა. მგზავრი წაიქცა და ბორდიურს თავი დაარტყა. მძღოლმა ავტომანქანით შემთხვევის ადგილი დატოვა და მგზავრის ხელჩანთა წაიღო.

სამართალდამცველებმა ბრალდებული პირი 2018 წლის 31 ივლისს თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება) და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა და მესამე ნაწილის დ ქვეპუნქტებით (ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარუდგინა.