ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სოციალური მუშაკებისთვის ხელფასების გაზრდაზე თქვა, რომ შეუძლებელია, ეს იმის საფუძველზე მოხდეს "რამდენად მძაფრად იქნება გამოხატული პროტესტი":

"ჩვენ ვაცნობიერებთ ამას, მაგრამ, ამის გარდა, ბევრი სამსახურები არის, რომელსაც კომპლექსურად უნდა დანახვა. ახლა ჩვენი გეგმა, ასევე, მათთან შეთანხმებული გეგმაა, მაქსიმალურად განვტვირთოთ სამუშაოსაგან და არ დარჩნენ პრობლემებთან მარტო და ჰქონდეთ მატერიალურ ტექნიკური მხარდაჭერა".

დღეს, 27 მარტს, საღამოს მთავრობის ადმინისტრაციუასთან გამართულ აქციაზე ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა On.ge-სთან საუბარში თქვა, რომ მათ ხელფასების გარდა სხვა მნიშვნელოვანი მოთხოვნებიც აქვთ, თუმცა ხელფასი ერთ-ერთი მოთხოვნაა:

"როცა ბენეფიციარები მოდიან ჩვენთან ოფისში, იდმენად შეურაცხყოფილები ვრჩებით იმ გარემო პირობებით, რაც არის, რომ... თქვენ რა უნდა გაგვიკეთოთ, როცა თქვენ თავად დასაცავები ხართო. ალბათ, ეს სიტყვები ყველაფრის მთქმელია".

სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს 21 მარტს აცნობეს, რასაც წინ თვენახევრიანი უშედეგო მედიაცია უძღოდა. მედიაციის პროცესი სოციალურ მუშაკებსა და სამინისტროს შორის თებერვალში დაიწყო. სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ წლების წინ ბავშვთა ზრუნვის სისტემის წარმატებით დაწყებული რეფორმა ვეღარ ფუნქციონირებს და ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს მორგებული არაა.

თამარ ბარკალაიას თქმით, მედიაციის პროცესში რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა და სხვადასხვა ხანგრძლივობის სამუშაო გეგმა გაიწერა. როგორც ის ამბობს, პრობლემების ნაწილი უკვე მოგვარებულია.

"ტრანსპორტირების ნაწილი მოგვარებულია, ანუ გადანაწილებულია მანქანები, დამატებითი მანქანების მოთხოვნებიც არის. არის ინფრასტრუქტურული საჭიროებები და ცალკე ოთახები მოთხოვნილი სოციალური მუშაკების მიერ, რომელიც შეფასებულია და ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. არის მეთოდოლოგიური საკითხები, რომელთა მოგვარებაც უკვე დაწყებულია", — აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

25 მარტს სოციალურმა მუშაკებმა მთავრობის კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მათ სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ბენეფიციარებისთვის ეფექტიანი და მყისიერი მომსახურებების შექმნა მოითხოვეს. მათივე თქმით, გაფიცვით პროფესიისა და ბენეფიციარების დაცვას ცდილობენ.

ამავე თემაზე: სოციალური მუშაკი — პროფესია, რომლის მნიშვნელობასაც სისტემა ვერ ხვდება