ქართული ოცნების წამოსული დეპუტატის, გედევან ფოფხაძის თქმით, არსებობს ოცნებიდან გასარიცხი დეპუტატების ე.წ. შავი სია, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეიმუშავა და პარტიის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნა. ფოფხაძის მტკიცებით, ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებულ ექვს დეპუტატს შორის იყვნენ: ნუკრი ქანთარია, ზაზა პაპუაშვილი, ლევან კობერიძე, რომან კაკულია, დავით ჭიჭინაძე და თავად, გედევან ფოფხაძე. ე.წ. შავ სიაში მყოფთაგან ორი, გედევან ფოფხაძე და დავით ჭიჭინაძე ქართული ოცნების წევრი უკვე აღარ არის.

ეს ინფორმაცია დეპუტატმა თავდაპირველად გადაცემა 360 გრადუსში გაავრცელა. მისი თქმით, ირაკლი კობახიძე ექვსი დეპუტატის გარიცხვაზე ნებართვას ბიძინა ივანიშვილისგან ითხოვდა. ფოფხაძე ამბობს, რომ კობახიძემ ექვსი წევრის გარიცხვის მიზეზად, მათი დაუმორჩილებლობა დაასახელა.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

მოგვიანებით, ფოფხაძემ On.ge-ს განუმარტა, რომ 6-კაციანი სიის შესახებ ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დროს მიიღო. ამ შეხვედრას მასთან ერთად ესწრებოდნენ ქართული ოცნების დეპუტატები, ნუკრი ქანთარია და ზაზა პაპუაშვილი. შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამდე გასული წლის აპრილში შედგა.

ფოფხაძის თქმით, შეხვედრას წინ უძღოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევის საკითხი, მისი წინააღმდეგობა და ქართული ოცნებიდან წასვლის განცხადება.

"ივანიშვილმა გვკითხა, რა ხდებოდა ისეთი, რომ ირაკლი კობახიძე 6 ადამიანის გარიცხვას სთხოვდა. იმ ექვსიდან სამს უკეთესად გიცნობთ და ამიტომ გხვდებითო. შემდეგ თქვა, რომ დაბრუნებას ვაპირებ, მედიატორი ვიქნები და დავალაგებ თქვენს შორის ურთიერთობასო. არავინ გაირიცხებაო", — განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ის ფიქრობს, რომ კობახიძეს გუნდში განსხვავებული აზრის მქონე პირებთან აქვს პრობლემა. ფოფხაძე იხსენებს, რომ იმ პერიოდში დავით ჭიჭინაძე ხშირად ეწინააღმდეგებოდა პარლამენტის თავმჯდომარეს, ნუკრი ქანთარიას გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით ჰქონდა განსხვავებული პოზიცია, ზაზა პაპუაშვილი კი ყოველთვის დამოუკიდებელი პოზიციებით გამოირჩეოდა პარტიაში.

შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, ნუკრი ქანთარია ბიძინა ივანიშვილთან ამ საუბარს ვერ იხსენებს.

"მე არ ვიცი, რამდენი ადამიანია, ამბობდნენ ოთხი კაცი, ხუთი გავხდით, მე მგონი, მე ვარ ამ სიაში",— ამბობდა მაშინ ქანთარია.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

"შეხვედრაზე ვიყავი, მაგრამ ასეთი განცხადება არ მახსოვს. მაშინ ისე იყო გამწვავებული მდგომარეობა, რომ ამასაც არ გამოვრიცხავ. ბევრ საკითხზე იყო საუბარი, მახსოვს ყველაფერი, მაგრამ ეს საკითხი არ მახსოვს, შეიძლება მე ჩავთვალე ნაკლებმნიშვნელოვნად", — უთხრა On.ge-ს ნუკრი ქანთარიამ.

ზუსტად იმ პერიოდში, როცა, ფოფხაძის თქმით, ივანიშვილს შეხვდა, ნუკრი ქანთარია (11 აპრილი) ამბობდა, რომ უმრავლესობიდან "გასარიცხ დეპუტატთა" სია არსებობს. მაშინ ქანთარიამ აღნიშნა, რომ "გედი ფოფხაძის ერთგვარმა ემოციურმა, ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ, გარკვეულწილად, გამოაშიშვლა რაღაც პრობლემები".

ნუკრი ქანთარიას მსგავსად, გასარიცხ დეპუტატებზე საუბარი არ ახსოვს ზაზა პაპუაშვილს. მისი თქმით, ის დაელაპარაკება გედევან ფოფხაძეს და შეეცდება შეხვედრის დეტალები აღიდგინოს.

"ზუსტად რაზე ვლაპარაკობდით კარგად არ მახსოვს, მინდა გედი ვნახო, დაველაპარაკო, აღვიდგინო ყველაფერი და დავალაგო. რაღაც მოხდა გაუგებრობა და მაგაზე შევიკრიბეთ, ქუთაისში მოხდა სააქტო დარბაზში პატარა წალაპარაკება, მემგონი ეგ იყო და მერე მეც ჩავერიე და ჩემი აზრი ვთქვი. დავალაგებ რა, რაღაცებს გავახსენებთ ერთმანეთს, იმის მერე ძალიან ბევრი შეხვედრა იყო, ხომ ხედავთ, რომ ბოღმა კაცი არ ვარ და ასეთი რაღაცები არ მახსოვს", — უთხრა On.ge-ს ზაზა პაპუაშვილმა.

ის ამბობს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ამ ეტაპზე ინტენსიური ურთიერთობა არ აქვს. არის საკითხები რაშიც რადიკალურად არ ეთანხმება და არის საკითხები, რაშიც მის პოზიციას იზიარებს.

"თუ ჩემს ზურგს უკან ვიღაც საფლავს მითხრის, არ ვიცი. თუ მრიცხავდნენ და მე არ მახსოვს, ან მრიცხავდნენ და მე ვერ გავიხსენე, არ ვიცი. ცუდი მახსოვრობა არ მაქვს, მაგრამ არ ვიცი, ამოვარდა გადავარდა", — ამბობს დეპუტატი.

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია დიდი ხანია იცის და უფრო მეტიც, "ძველი ამბავია".

ფოტო: კადრი ვიდეოდან / პალიტრა ნიუსი

"როცა გედევანი, პაპუაშვილი და ქანთარია ზევით ავიდნენ, ჩვენ ერთად ველოდით შეხვედრის დასრულებას. კობახიძე ამბობდა, რომ თუ ივანიშვილი ამ ექვს დეპუტატს მოაშორებდა პარლამენტშიც სიწყნარე იქნებოდა და ყველგან, ქვეყნის დამაქცევრები და ამომტრიალებლები, თურმე, ჩვენ ვიყავით, კობახიძის ნატიფი სახის გამფუჭებლები თურმე ჩვენ ვიყავით", — განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძის თქმით, ივანიშვილი არ იცნობდა ირაკლი კობახიძეს. ის იხსენებს, რომ ივანიშვილთან შეხვედრას წინ უსწრებდა პოლიტსაბჭო, რომელსაც ესწრებოდნენ გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე.

"ბიძინა გეგიძესთან მიმართებით ირაკლი კობახიძის გამონათქვამმა გააოცა ბიძინა ივანიშვილი და კითხვაც კი დაუსვა, "ირაკლი რა გჭირს შენ, ავად ხომ არ ხარო? ამის შემდეგ დაიბარა ეს სამი დეპუტატი, რომლებსაც იცნობდა და იქ გაუზიარა დეპუტატებს შეშფოთება: მე, ალბათ, შევცდი, არ ვიცნობდი ამ ადამიანსო და ახლა სხვანაირად დავინახეო, მაგრამ რაც არის ეგ არის მოცემულობა და ამ მოცემულობაში უნდა დავლაგდეთო", — ამბობს ჭიჭინაძე.

ჭიჭინაძის თქმით, ის დეპუტატები, რომლებმაც ქართული ოცნება დატოვეს, ამავე პარტიის მიმართ საზოგადოების განწყობას აფიქსირებდნენ.

"კობახიძე შეიძლება დარჩეს კიდეც ქართულ ოცნებაში, მაგრამ ქართულ ოცნების გვერდით, ხალხი აღარ დარჩა", — უთხრა On.ge-ს ჭიჭინაძემ.

6 გასარიცხ დეპუტატს შორის დასახელებულები, ლევან კობერიძე და რომან კაკულია ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. ლევან კობერიძე გვირჩევს, რომ ეს თავად ირაკლი კობახიძესა და გედევან ფოფხაძეს ვკითხოთ, რომან კაკულია კი ფიქრობს, რომ "სისულელეა".