მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტს, ლადო აფხაზავას სოფელ ჩიბათში სიმბოლურად ვარსკვლავი გაუხსნეს. მას სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები სკოლაში დაბრუნების აღსანიშნავად საზეიმოდ დახვდნენ.

"ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი. უამრავი წერილი, უამრავი საჩუქარი მომდის, რომელიც ძალიან დიდი სითბოთი და სიყვარულითაა გაჯერებული. მადლობა ამ სიყვარულისთვის", — თქვა აფხაზავამ.

ლადო აფხაზავა მასწავლებლთა გლობალურ ჯილდოზე 179 ქვეყნის წარმომადენლის 10 000 განაცხადიდან შეარჩიეს. მალევე ის საუკეთესო 50 მასწავლებლის სიაში მოხვდა და საბოლოოდ, ფინალისტების ათეულში. წელს პრიზი კენიელ მასწავლებელს, პიტერ ტაბიჩის ერგო.

ფინალამდე აფხაზავა ამბობდა, რომ გამარჯვება აუცილებელი არ არის და თავად უკვე გამარჯვებულია, რადგან ამ კონკურსს დამარცხებული არასდროს ყოლია. აფხაზავას მიღებული აქვს საქართველოს მასწავლებლების ეროვნული ჯილდო, მენტორი მასწავლებლის სტატუსი და ამავდროულად ის არის გლობალური ჯილდოსა და ვარკის ფონდის ელჩი.