მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის, სალომე შენგელიას განცხადებით, პანკისის სპეცოპერაციის შედეგად დაღუპულ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება კომისიური ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. მისივე თქმით, მასში ჩართულები იყვნენ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მოწვეული ექსპერტები. ამის შესახებ მან დღეს, 27 მარტს პარლამენტში ომბუდსმენის კითხვის პასუხად განაცხადა.

სალომე შენგელის თქმით, ექსპერტებს აქვთ აზრთა სხვადასხვაობა კონკრეტულ საკითხებზე, ტყვიის ტრაექტორიასთან დაკავშირებით, თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობასთან და საავადმყოფოში მის მკურნალობასთან დაკავშირებით:

"არის სხვადასხვაობა ექსპერტიზის დასკვნებს შორისაც".

პროკურატურის წარმომადგენლის ცნობით, დასკვნის შემდეგ შემაჯამებელი გადაწყვეტილება განსაზღვრავს, კონკრეტული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყება, თუ დასრულდება გამოძიება.

პროკურატურის ცნობით, ამ საქმეზე ჩატარებულია ყველა ტიპის საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, გამოკითხეს საქმესთან შემხებლობასთან მყოფი მოწმეები, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, დაინიშნა კომპლექსური ექსპერტიზები. თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილი ძალადობით.

პანკისის სპეცოპერაციიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. შვილმოკლული მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის პარლამენტის შენობის წინ დღემდე კარავში ათენებს, შვილის მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯის მოთხოვნით. ოჯახის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის თქმით, პროკურატურის გამოძიებაში არ იკვეთება პოლიტიკური ნება, რომ დამნაშავე დაისაჯოს. მაჩალიკაშვილის ოჯახი ითხოვს, რომ პარლამენტში ამ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

სპეცოპერაცია პანკისში

2017 წლის 21-22 ნოემბრის ისნის სპეცოპერაციის შედეგად სუს-მა დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი პირი და სამი წევრის ლიკვიდირება მოახდინა.

რამდენიმე კვირის შემდეგ, 26 დეკემბერს, პანკისში, ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით რუსლან ალდამოვთან ერთად ოთხი პირი დააკავეს. თემირლანს მაჩალიკაშვილი კი სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. მაჩალიკაშვილმა სასიკვდილო დაზიანება თავის არეში მიიღო და რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის ოჯახი სუს-ის ვერსიას არ იზიარებს და ამბობს, რომ თემირლანი მოკლეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სპეცოპერაციის ღამეს მათთან სუს-ის უფროსის მაშინდელი მოადგილე სოსო გოგაშვილი იყო ჩასული და ემუქრებოდა.

გოგაშვილი 21 აგვისტოს მოულოდნელად თანამდებობიდან გადადგა.