ქართული ოცნების ყოფილი მხარდაჭერი, მოძრაობა დაიცავი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით მაღრაძე 13 აპრილს ფილარმონიაში საგანგებო შეკრებას აანონსებს და ფართო საზოგადოებას ეპატიჟება. ამის შესახებ მაღრაძემ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ვისაც მიაჩია, რომ საქართველო ივანიშვილი-სააკაშვილის უსასრულო და უსაგნო დაპირისპირებისგან გასათავისუფლებელია, მოძრაობას უნდა შეუერთდეს.

"ვინც განსაცდელში ინარჩუნებდით ღირსებას და მათ, ვინც მომავალში ღირსებით ცხოვრებას აპირებთ, შემოგვიერთდით. შევეცადოთ, შევქმნათ ასპარეზი ახალი ქართული მომავლისთვის, რომელსაც მეხსიერებაც ექნება და პერსპექტივაც", — თქვა მაღრაძემ.

2019 წლის 14 მარტს მაღრაძემ განაცხადა, რომ 10 წლის წინ შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა დაიცავი საქართველო გააქტიურდება. მისივე თქმით, ის ბიძინა ივანიშვილს დღესაც პატივს სცემს, როგორც მოქალაქეს მისი დამსახურებების გამო, თუმცა განმარტა, რომ მის პოლიტიკას აღარ იზიარებს.