საგამოძიებო გადაცემა თავისუფლების მონიტორის რესპონდენტს, არჩილ ჩიბურდანიძეს, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უკანონო საქმიანობაზე საუბრობდა, სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებამ გაავრცელა.

საგამოძიებო ფილმში "BP-ს ნავთობის პრივილეგირებული ქურდები", რესპონდენტები ბიზნესმენ იოსებ წივილაშვილის საქმიანობაზე ყვებიან და ამბობენ, რომ მას ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მფარველობს. ისინი იხსენებდნენ, რომ წივილაშვილი BP-ს წლების განმავლობაში ნავთობს ფარავდა და ფინანსური პოლიციის დავალებით ნავთობის ქურდობის სცენა დადგა. საგამოძიებო ფილმი რუსთავი 2-ის ეთერში 2018 წლის პირველ დეკემბერს გავიდა.

როგორც რადიო თავისუფლება წერს, არჩილ ჩიბურდანიძის სახელზე რეგისტრირებული ფირმა ერთ-ერთი იყო იმ ოცზე მეტ კომპანაის შორის, რომელთა გამოყენებითაც იოსებ წივილაშვილმა ბიუჯეტს 15 მილიონ ლარზე მეტი აზარალა. თუმცა პროკურატურამ ამ დანაშაულებრივი სქემის გამოვლენის ნაცვლად მასში მოტყუებით მონაწილე პირების სამართლებრივი დევნა დაიწყო.