შეუძლია თუ არა მშობელს შვილის დასასჯელად ყური აუწიოს — ეს იყო ერთ-ერთი საკითხი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ბავშვის უფლებათა კოდექსის განხილვის დროს. ამ შინაარსის კითხვა კომიტეტის სხდომაზე დამსწრე პირმა დასვა და კონკრეტული მაგალითი მოიყვანა:

"მშობელი ბავშვთან ერთად იმყოფება მაღაზიაში. ბავშვი მშობელს არ უჯერებს, დარბის, ყვირის, აფუჭებს ინვენტარს, არ ითვალისწინებს მშობლის მითითებებს. ამ მიზეზით მშობელს ბავშვი გარეთ გაჰყავს, აუწევს ყურს და სახლში დასჯის მიზნით დააყენებს კუთხეში. არის თუ არა მშობლის ეს კონკრეტული ქმედება ამ კოდექსის დარღვევა?"

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, აღზრდის პროცესში შედის გარკვეული შეზღუდვების დაწესება ბავშვისთვის.

"თუ რამე პრობლემაა ბავშვთან დაკავშირებით, [მას] უნდა ვესაუბროთ, ქრისტიანულიც არის. აქ ბრძანდებიან ეკლესიის წარმომადგენელები და დამეთანხმებიან, ალბათ, რომ ქრისტიანულია: სიყვარულით, პატივისცემით, საუბრით, დიალოგით, ამით გადავჭრათ პრობლემები. რატომ უნდა აუწიოთ ყური ბავშვს?" — განმარტა კილაძემ.

დღეს, 26 მარტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ბავშვის უფლებათა კოდექსის განხილვა მიმდინარეობს.