როგორც On.ge-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიდან აცნობეს, სოფო კილაძემ კანონპროექტზე საუბრისას რამდენიმე კითხვას ერთდროულად უპასუხა. სწორედ ამ მიზეზით, მისი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა და ის არ გულისხმობდა, რომ "სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებზე ოჯახს ეკლესიასთან კონსულტაციის გავლა შეეძლება". კომიტეტის განმარტებით, კონსულტაციები დასაშვები იქნება "კრიზისული და ფსიქიკური" საჭიროებების მქონე ბავშვების შემთხვევაში.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ თქვა, რომ სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები მხოლოდ მშობლის თანხმობით იქნება დაშვებული. ამის შესახებ კილაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ბავშვთა კოდექსს განიხილავენ.

კილაძის თქმით, თუ ოჯახი მოითხოვს კონკრეტულ კრიზისულ შემთხვევებში მართლმადიდებელ ეკლესიას ან სხვა კონფესიებს, მათ უფლება ექნებათ, ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ საკითხთან დაკავშირებით.

"უბრალოდ, მინდა ვკითხო საზოგადოებას — ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ანტიეროვნული? რა თქმა უნდა, არ შეიძლება", — თქვა კილაძემ.