"ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისგან უსაფუძვლო განცხადებებს მიჩვეული ვართ", — ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სამართლიანი არჩევნების (ISFED) მიერ დღეს წარდგენილ ზუგდიდის სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმის ანგარიშზე.

სამართლიანი არჩევნების ანგარიშში ნათქვამია, რომ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ინსპექტირება დირექტორ ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს. ირაკლი კობახიძის თქმით, ორგანიზაციის მხრიდან ასეთი განცხადების გავრცელებას, შესაბამისი საფუძველი სჭირდება:

"ჰაერში არ შეიძლება ასეთი განცხადებების გავრცელება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის გარდაცვალებას. როდესაც ასეთი განცხადება კეთდება, მას უნდა ჰქონდეს მყარი საფუძველი. ჩვენ ამ ორგანიზაციიდან მიჩვეული ვართ უსაფუძვლო განცხადებებს ID ბარათებთან და სხვა თემებთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკუთარ განცხადებებს".

სამართლიანი არჩევნების ანგარიშის მიხედვით, არსებობს "საფუძვლიანი ეჭვი", რომ სამინისტროს შიდა აუდიტის ინტერესი სკოლის დირექტორის, ია კერზაიას დასჯა იყო. ამის შესახებ დღეს, 26 მარტს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) წარმოადგინა სპეციალური ანგარიში.

ორგანიზაცია ანგარიშში წერს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ზუგდიდის საგანმანათლებლო დაწესებულებებში პოლიტიკური ნიშნით ზეწოლასა და მუქარას სისტემური ხასიათი ჰქონდა.

"მოქალაქის [ანონიმური] განცხადების განხილვისა და შემოწმების დაწყების შემჭიდროებული ვადები, ინსპექტირების ფორმა, გამოცემული დასკვნა და გაცემული რეკომენდაციები ეჭვებს აჩენს ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციულ და შერჩევითი მიდგომაზე", — ნათქვამია ანგარიშში.

ია კერზაიას საქმე

ზუგდიდის სკოლის დირექტორი, ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს ინსულტის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მანამდე იგი ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში ჰყვებოდა, რომ მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში პედაგოგების ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე სკოლაში გენერალური ინსპექციის ორი თანამშრომელი შევიდა და შეამოწმა. არხის ინფორმაციით, შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ამ მიზეზის გამო ია კერზაიას დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპირებდნენ.

კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, ჩატარებულ ინსპექციას, რაც, მისი თქმით, კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველი გახდა, პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს. სკოლის დირექტორზე ზეწოლაზე საუბრობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ოპოზიცია. საქართველოს განათლების სამინისტროსა და სხვა სახელისუფლებო უწყებების თქმით, საქმის პოლიტიზირება მიუღებელია.