სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების დიდი ნაწილი უკეთესი შრომითი პირობების მოთხოვნით გაიფიცა. ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ გაფიცული სოც. მუშაკების მოვალეობებს სამინისტროს სხვა თანამშრომლები შეასრულებენ.

როგორც მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განმარტა, გაფიცულების მოვალეობას შეითავსებენ პროფესიით სოციალური მუშაკები, რომლებიც სამინისტროსა და სხვა სსიპ-ებში მუშაობენ. ამასთანავე, ჩაერთვებიან ტერიტორიული ერთეულებისა და სამინისტროს იურიდიული სამსახურები.

"ჩვენი ვალდებულებაა, რომ უწყვეტი იყოს სერვისები. რა პრობლემების შეიძლება იყო, ამას წინასწარ ვერ გეტყვით. წინასწარ არის დაგეგმილი რისკების მართვის გეგმა, რომელშიც, მათ შორის გათვალისწინებულია, რომ დიდი მომართვიანობის შემთხვევაში როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ მომართვიანობას თანამშრომლების შესაბამისი რაოდენობის ჩართვითა და შტატგარეშე სოციალური მუშაკების დახმარებით", — განუცხადა ბარკალაიამ ჟურნალისტებს 25 მარტს.

სოც. მუშაკებმა გაფიცვის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს 21 მარტს აცნობეს, რასაც წინ თვენახევრიანი უშედეგო მედიაცია უძღოდა. მედიაციის პროცესი სოციალურ მუშაკებსა და სამინისტროს შორის თებერვალში დაიწყო. სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ წლების წინ ბავშვთა ზრუნვის სისტემის წარმატებით დაწყებული რეფორმა ვეღარ ფუნქციონირებს და ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს მორგებული არაა.

თამარ ბარკალაიას თქმით, მედიაციის პროცესში რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა და სხვადასხვა ხანგრძლივობის სამუშაო გეგმა გაიწერა. როგორც ის ამბობს, პრობლემების ნაწილი უკვე მოგვარებულია.

"ტრანსპორტირების ნაწილი მოგვარებულია, ანუ გადანაწილებულია მანქანები, დამატებითი მანქანების მოთხოვნებიც არის. არის ინფრასტრუქტურული საჭიროებები და ცალკე ოთახები მოთხოვნილი სოციალური მუშაკების მიერ, რომელიც შეფასებულია და ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. არის მეთოდოლოგიური საკითხები, რომელთა მოგვარებაც უკვე დაწყებულია", — აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

25 მარტს სოციალურმა მუშაკებმა მთავრობის კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მათ სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ბენეფიციარებისთვის ეფექტიანი და მყისიერი მომსახურებების შექმნა მოითხოვეს. მათივე თქმით, გაფიცვით პროფესიისა და ბენეფიციარების დაცვას ცდილობენ.

ამავე თემაზე: სოციალური მუშაკი — პროფესია, რომლის მნიშვნელობასაც სისტემა ვერ ხვდება