როდესაც აკვირდები საქართველოს მდგომარეობას და მიმდინარე საერთაშორისო პროცესებს, თვალში გხვდება მკვეთრი შეუსაბამობა. ერთის მხრივ, მსოფლიო უფრო სახიფათო ხდება. მეორე მხრივ, ქართული საზოგადოება ამ პროცესს ხვდება საოცრად არაადეკვატური ფსიქოლოგიური არხეინობითა და მატერიალური მოუმზადებლობით. ეს ვერ არის კარგი, ჯანსაღი და გრძელვადიანი ოპტიმიზმის შთამაგონებელი ამბავი.

ცივი ომის შემდგომი წლების მოკლე ისტორიული მონაკვეთი, როდესაც ამერიკა უპირობოდ იყო გლობალური ლიდერი, დასრულებულია. მცირე პაუზის შემდეგ, მსოფლიო კვლავ დაუბრუნდა მასშტაბური გეოპოლიტიკური დაპირისპირების მდგომარეობას.

ჩინეთი აქტიურად ცდილობს ჩაანაცვლოს ამერიკა მსოფლიო ლიდერის როლში. ხომალდსაწინააღმდეგო ბრძოლის ტექნოლოგიების განვითარებით და საკუთარი სამხედრო ხომალდების სწრაფი მშენებლობით ჩინეთი ამცირებს აშშ-ს სამხედრო ფლოტის უპირატესობას, რომელიც ამერიკული გლობალური ლიდერობის აუცილებელი პირობაა. ჩინეთის "სარტყელისა და გზის ინიციატივა" (Belt and Road Initiative), რომლის ოფიციალური მიზანია ევრაზიის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარება, სინამდვილეში გრძელვადიანი გეოპოლიტიკური პროექტია. ის მიზნად ისახავს ევრაზიის კონტინენტის ინტეგრაციას ჩინური ლიდერობის ქვეშ.

ამავე დროს ქვეყნის შიგნით ჩინეთის მმართველი რეჟიმი ამჟამად ახორციელებს ტოტალიტარიზმისკენ მიმართულ რეფორმას. მისი ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში, ის გახდება ტოტალურ თვალთვალსა და ადამიანთა ყოველდღიური ქცევის კონტროლზე აწყობილი საზოგადოება, ფანტასტიკურ ლიტერატურაში აღწერილი ანტიუტოპიების სტილში.

რუსეთისა და ირანის მსგავსი სახელმწიფოები, მართალია, ჩინეთისგან განსხვავებით ვერ იბრძვიან მსოფლიო დომინირებისთვის, მაგრამ აქტიურად ცდილობენ რეგიონული ზონების შექმნას, სადაც სურთ რომ ჰეგემონები იყვნენ. ამ მცდელობით ისინი უპირისპირდებიან ამერიკის ინტერესებს. რაც ჩვენთვის უფრო აქტუალურია, ისინი ასევე უპირისპირდებიან თავისი ზოგი მეზობლის სუვერენიტეტს. მაგალითად, რუსეთის შემთხვევაში, ჩვენსას.

ჩინეთი, რუსეთი და ირანი ჯერ არ არიან ერთმანეთის ჩამოყალიბებული მოკავშირეები, მაგრამ მათ ჰყავთ საერთო მოწინააღმდეგე. ეს უკვე უბიძგებთ მათ თანამშრომლობისკენ. მომავალში, ამ ფაქტორმა შეიძლება უფრო მეტად ინტენსიური და სახიფათო გახადოს გეოპოლიტიკური ბრძოლა, რომელსაც ეს სახელმწიფოები ამერიკის წინააღმდეგ აწარმოებენ.

საქართველოში გავრცელებულია მიამიტური წარმოდგენები, თითქოს საერთაშორისო რეალობის მთავარი განმსაზღვრელი ელემენტი არის სამართლებრივი წესები და წესრიგი. ამიტომაც ამ წესების ყოველ მორიგ დარღვევას ქართული საზოგადოება (უფრო სწორად, მისი ის ნაწილი, რომელიც საერთოდ უთმობს ყურადღებას მსოფლიო მოვლენებს) თვალებგაფართოებული და შეშფოთებული გაოცებით ხვდება.

სინამდვილეში, საერთაშორისო სამართალი, სხვადასხვა ფორმებში, წარსულ საუკუნეებშიც არსებობდა. განსაკუთრებით, ევროპაში. უბრალოდ, მის ნორმებს მაშინაც ისევე გვერდს უვლიდნენ ან პირდაპირ არღვევდნენ ხოლმე, როგორც ეს დღეს ხდება. სამართალი არის საერთაშორისო რეალობის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა განმსაზღვრელი ფაქტორი. ის ვერ აკავებს მწვავე გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩართული სახელმწიფოების ქმედებებს. მაგ დროს ფსონები ზედმეტად მაღალია. თანაც, დამრღვევმა იცის, რომ ის შეიძლება დაისაჯოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო ჯამში დამარცხდა.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სახიფათო მსოფლიოში ვცხოვრობთ. ეს არ ეხება ყველა ქვეყანას თანაბრად. წარსულ ეპოქებშიც იყვნენ სახელმწიფოები, რომელთა გეოგრაფიული განლაგება საშუალებას აძლევდა დარჩენილიყვნენ განსაკუთრებით დრამატული გეოპოლიტიკის გარეთ. მათ რიცხვს ჩვენ არც ადრე ვეკუთვნოდით ხოლმე და არც დღეს ვეკუთვნით.

თუ უკრაინის ან სირიის მსგავსი მაგალითები არასაკმარისია თანამედროვე საფრთხეების გასააზრებლად, საქართველოს შევხედოთ. უახლეს ისტორიაში ჩვენ ორჯერ შევქმენით დამოუკიდებელი რესპუბლიკა. აქვე შევნიშნოთ, რომ ორივეჯერ ეს მხოლოდ იმის წყალობით შევძელით, რომ იმპერია, რომელსაც დაპყრობილი ვყავდით დამარცხდა მსოფლიო მასშტაბის გეოპოლიტიკურ პაექრობაში. პირველი რესპუბლიკა ისე განადგურდა, რომ სამი წელიც ვერ შეუსრულდა. მეორე კვლავ არსებობს, ოღონდ თავისი ისედაც მცირე ტერიტორიის ერთი მეხუთედის გარეშე. ეს მეხუთედი არა მხოლოდ ოკუპირებულია, იქ ასევე ჩატარდა ქართველების სასტიკი ეთნიკური წმენდა. მნიშვნელოვანია, ბოლომდე გავიაზროთ, რომ სანამ მათ მოკლავდნენ ან გაქცევას აიძულებდნენ, აფხაზეთის და ცხინვალის მკვიდრი ადამიანები ისევე ცხოვრობდნენ თავის სახლებსა და ბინებში, როგორც ყველა ჩვენგანი, და მათ ამის არანაკლები უფლება ჰქონდათ (და კვლავ აქვთ), ვიდრე გვაქვს ყველა დანარჩენ მოქალაქეს.

ოკუპაციისა და ეთნოწმენდის მეშვეობით რუსეთმა ბოლომდე ვერ მიაღწია თავის მიზნებს საქართველოში. მას სჭირდება მტკიცე კონტროლი ქართულ საგარეო პოლიტიკაზე. რუსეთი მას ვერ მიიღებს, სანამ საქართველოს სახალხო ლეგიტიმაციის ნატამალის მაინც მქონე ხელისუფლება ჰყავს. რუსეთის დღევანდელი მიზნები და საქართველოს ძირეული ინტერესები, უბრალოდ, შეუთავსებელია. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი გააგრძელებს მოქმედებებს საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში ვართ.

ამ ვითარებაში, ჩვენი საზოგადოება ვერ არის გამოწვევების ადეკვატური.

საპარლამენტო (ან ნებისმიერი სხვა ტიპის) რესპუბლიკის ფორმალური ინსტიტუტების ნაცვლად, ქვეყანას ერთი მაფიოზური ბოსი მართავს. წინა ხელისუფლება რეგულარულად არღვევდა საკუთარ გაცხადებულ პრინციპებს, სანამ არ დაკარგა მოსახლეობის უმრავლესობის ნდობა და არ მოუწია ხელისუფლების დათმობა ხსენებული მაფიოზისთვის. ამჟამად, დემოკრატიული რესპუბლიკა, კანონის უზენაესობა და სხვა მსგავსი საქართველოში ბუტაფორიაა.

იმ შემთხვევაშიც, თუ ვინმეს არ გაღელვებთ ცალკე აღებული დემოკრატია და კანონის უზენაესობა, საღელვებელი მაინც გაქვთ. მათი უქონლობა ქვეყანას უფრო დაუცველს ხდის მტრული პოლიტიკური გავლენის ოპერაციების, დესტაბილიზაციის მცდელობებისა და საზოგადოების ზურგს უკან გარიგებების წინაშე. ესე იგი, სწორედ იმ მეთოდების წინაშე, რაშიც რუსეთი განსაკუთრებით დახელოვნებულია. ამის გარდა, ეს ვითარება არ არგებს ჩვენს ურთიერთობას დასავლეთთან, რომელიც დღეს ჩვენი საკვანძო ბერკეტია რუსული საფრთხის წინაშე.

ამასთან ერთად, ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკა ნელი ტემპით იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლო მომავალში საქართველოში არსებული სოციალური ფონი პრინციპულად ვერ გაუმჯობესდება. და ვერც საშუალოვადიან პერსპექტივაში. და შეიძლება ვერც გრძელვადიანში. ეს კიდევ ერთი დიდი სისუსტეა, მათ შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით. პარალელურად, ხდება ბიზნესმენების შევიწროება, ხოლო ზემოხსენებული მაფიოზი ქვეყანაში ყველაფერი ღირებულის დაუფლებას ცდილობს.

რუსეთ-საქართველოს ომიდან მე-11 წელს საქართველოს კვლავ არ ჰყავს წესიერი სამხედრო რეზერვი. თავდაცვის კარგი სისტემა აუცილებელია ახალი აგრესიის საფრთხის შესამცირებლად, ხოლო თუ აგრესია მაინც მოხდა - იმისთვის რომ სუვერენიტეტის დაცვის რაიმე შანსი გვქონდეს. თუ მიგაჩნიათ, რომ ასეთ სცენარში გადარჩენა მხოლოდ დასავლეთის ჩარევის შემთხვევაშია შესაძლებელი, უნდა გესმოდეთ, რომ მაგისთვის საჭიროა დასავლეთს ამ ჩარევისთვის საკმარისი დრო ჰქონდეს. თუ ქართული ორგანიზებული წინააღმდეგობა მხოლოდ რამდენიმე დღეს გასტანს, ნებისმიერი გარე ჩარევა შეიძლება დაგვიანებული აღმოჩნდეს.

ფინანსური მიზეზებით, საქართველოს არ შეუძლია ჰყავდეს იმაზე ბევრად დიდი მუდმივი ჯარი, ვიდრე დღეს ჰყავს. მაგრამ, მას შეუძლია ჰქონდეს აგრესიის შემთხვევაში რეზერვის მობილიზების უნარი. მცირე მუდმივი ჯარი და შედარებით მრავალრიცხოვანი მომზადებული რეზერვი მთელ რიგ ქვეყანაში გამოყენებული სქემაა. მაგრამ არა საქართველოში, რომელსაც ეს მაგ ქვეყნებზე უფრო მეტად სჭირდება.

2008 წლის ომის შემდეგ წინა ხელისუფლებამ, სხვადასხვა პროექტებზე საუბრის მიუხედავად, ვერ მოაბა თავი წესიერი რეზერვის შექმნას, სანამ 2012 წელს ძალაუფლების დათმობა არ მოუწია. დღევანდელი თავდაცვის სამინისტრო წლების შემდეგ მივიდა რეზერვის პროექტამდე, მაგრამ ჯერ გაუგებარია, როდის შეიძლება ველოდოთ მის სრულ განხორციელებას.

თუკი გადავწყვეტთ, რომ არ გვსურს გაწვევის გამოყენება, შეგვიძლია მოხალისეებით დაკომპლექტებული რეზერვი გვყავდეს. ნატოს წევრ ბალტიის ქვეყნებს ჰყოფნით მისი ყოლის გონიერება. საქართველოს კი, რომლის აგრესიისგან დაცვა ფორმალურად არცერთ სხვა სახელმწიფოს არ ევალება, რატომღაც, არ ჰყოფნის. ისეთ სახიფათო ვითარებაში, რომელშიც საქართველო იმყოფება, ამგვარი არხეინი დამოკიდებულება საკუთარი თავდაცვისუნარიანობის მიმართ სრული სიგიჟეა.

საერთოდ, საზოგადო დისკურსი უსაფრთხოების, თავდაცვის, სტრატეგიის თემებზე საქართველოში ღარიბია. როგორც წესი, საუბარი მიდის ყველაფერზე, ამ თემების გარდა. პარტიული პოლიტიკა, ადამიანის უფლებები, სასამართლო და ბევრი სხვა რამ ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ, ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს განხილვა კონფლიქტურ საერთაშორისო გარემოში არსებულ სუბიექტად, რომელსაც ევალება თავისი სუვერენიტეტის დაცვა. მათ შორის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის გზით, თუმცა ასევე ბევრი სხვა თვალსაზრისითაც. განხილვა არა ეპიზოდურად და ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად და სისტემურად. ამ ტიპის აზროვნების ნაკლებობა ჩვენი კიდევ ერთი სისუსტეა.

ჯამში, შეცდომების, მატერიალური და სხვა სისუსტეების, არაადეკვატური მიდგომების უსიამოვნოდ შთამბეჭდავი პაკეტი გვიგროვდება. ობიექტურად რთულ საერთაშორისო გარემოსთან კომბინაციაში, ეს ვითარება პესიმიზმის საფუძველს იძლევა. იმისთვის, რომ ყველა ჩვენგანს, როგორც ინდივიდებს, გვქონდეს გრძელვადიანად კომფორტული და უსაფრთხო ცხოვრების უკეთესი შანსები, აჯობებს ვიზრუნოთ ამ შეცდომების და სისუსტეების გამოსწორებაზე. სწრაფი ეკონომიკური ზრდის, წესიერი თავდაცვის სისტემისა და მომუშავე დემოკრატიის გარეშე, ეს შანსები შეიძლება სასურველზე დაბალი აღმოჩნდეს.