ესტონეთის იუსტიციის სამინისტრომ ქვეყნის შესაბამის სამსახურებს რობოტი მოსამართლეების შექმნა დაავალა, რომლის მიზანიც სასამართლოში მოხვედრილი წვრილმანი დავების გადაწყვეტა იქნება.

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ "მოსამართლეს" სამართლებრივი დოკუმენტებისა და სხვა საჭირო ინფორმაციის გაანალიზება, დამუშავება და დასკვნის გაკეთება შეეძლება. მისი ძირითადი სამუშაო სასამართლოში დაგროვილი უამრავი წვრილმანი საქმის განხილვა იქნება. ადამიან მოსამართლეებს რობოტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა, რა თქმა უნდა, შეეძლებათ, მაგრამ ეს შემთხვევა სამართლის სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ჩართვის ძალიან კარგი მაგალითია.

ესტონეთი სახელმწიფო სერვისებში ხელოვნურ ინტელექტს ხშირად იყენებს. მაგალითად, სპეციალური ალგორითმის საშუალებით თანამგზავრული ფოტოები სკანირდება, რათა გაირკვეს, რამდენად პირნათლად ასრულებენ სუბსიდირებული ფერმები მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. AI-ს გამოყენებით ხდება უმუშევარი ადამიანების რეზიუმეების სკანირებაც, რაც მათ სამსახურის შოვნას უადვილებს.

ესტონეთის ეს მცდელობა სამართლებლივ სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პირველი შემთხვევა არ იქნება. მაგალითად, 19 წლის თინეიჯერის მიერ შექმნილმა ადვოკატმა ბოტმა ნიუ-იორკსა და ლონდონში პარკინგის 160 000-ზე მეტი ჯარიმა გაასაჩივრა და ყველა საქმე მოიგო, რის შედეგადაც მილიონობით დოლარი დაიზოგა.

საქმე ისაა, რომ ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ იმდენად არის კარგი, რამდენადაც მისი ალგორითმი. მიუკერძოებელი ხელოვნური ინტელექტის შექმნა ამ დრომდე დიდი გამოწვევაა, თუმცა თუ მეცნიერები ამას შეძლებენ, მსგავსი ალგორითმები შესაძლოა მრავალი სხვადასხვა პრობლემის სწრაფად და მარტივად გადაჭრაში დაგვეხმარონ.