ბათუმში მედპერსონალის ნაწილი სოლიდარობას უცხადებს ექიმ-რადიოლოგს, რომელსაც პაციენტის გარდაცვალებაში ოჯახი ბრალს სდებს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ექიმები 25 თებერვალს აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოების შენობის წინ შეიკრიბნენ და აცხადებდნენ, რომ სანამ ექიმის ბრალეულობა არ დადგინდება მედპერსონალის დადანაშაულება უნდა შეწყდეს.

"ჩვენ შევიკრიბეთ აჭარის სამედიცინო საზოგადოება, რათა თანადგომა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენი საავადმყოფოს ექიმს, რომელიც აბსოლუტურად უდანაშაულოა. მოვითხოვთ, რომ მხოლოდ საქმიანობის შესწავლის შემდეგ და კონკრეტული დანაშაულობების გამოვლენის შემდეგ იქნან ექიმები დადანაშაულებული", — განაცხადა ერთ-ერთმა ექიმმა ტელევიზიასთან საუბრისას.

გარდა ამისა, აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ აგრესია არასწორად იყო პერსონიფიცირებული, რითაც უხეშად დაირღვა ექიმ-რადიოლოგის უფლებები. ისინი აცხადებენ, რომ ექიმს პაციენტთან შეხება ჰქონდა მხოლოდ მისი კვლევის ფარგლებში და საბოლოო დიაგნოზს არ სვამს.

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ 28 წლის ქალი გარდაიცვალა. ოჯახის წევრები ექიმებს არასწორი დიაგნოზის დასმასა და არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებენ. ისინი მკურნალი ექიმის გათავისუფლებას და დასჯას მოითხოვენ. მათ საპროტესტო აქციაც მოაწყვეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე სამედიცინო რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.