გარდაცვლილ დემურ სტურუას ოჯახი სამტრედიის პოლიციასთან გამაფრთხილებელ აქციას გეგმავს და აცხადებს, რომ გოდერძი თევზაძე კანონის სრული დაცვით უნდა დაისაჯოს. ამასთან, სტურუას ოჯახის წევრები ადგილობრივი პოლიციის უფროსისა და მისი თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლებასაც ითხოვენ.

გარდაცვლილის დედა, ნონა ჯოჯუა ამბობს, რომ სამტრედიის პოლიციის თანამშრომლები დაკავებული თანამდებობეიდან უნდა გათავისუფლდნენ იმისთვის, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა არ დაიღუპოს:

"ჩვენ ვაპირებთ სასაფლაოდან მობრუნებული პოლიციის წინ აქცია გავმართოთ, რადგან მინდა, რომ სამტრედიის პოლიციაში ვინც არის, ყველა მკვლელი რომ მოიხსნას და გათავისუფლდნენ სამსახურებიდან. აი ეს სიტყვა მინდა მინისტრს რომ ვუთხრა, რომ სამტრედიის პოლიცია, სანამ კიდევ არ დახოცილა ახალგაზრდები, მინდა რომ სულ ყველა გათავისუფლდეს და შეიცვალოს სამტრედიის პოლიცია".

დემურ სტურუას მეგობარი, ოლეგ თავაძე კი განმარტავს, რომ უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელიც თითოეული პოლიციელის სამუშაო დღეს გააკონტროლებს:

"მიიღებს თითოეული მოქალაქის პრეტენზიას და შესაბამის რეაგირებას მოახდენს მასზე. ყველა მოქალაქის მიერ წარმოთქმული ერთი პრეტენზიაც კი პოლიციის მიმართ უნდა იქნას გამოძიებული და მიცემული უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია".

22 წლის დემურ სტურუამ 7 აგვისტოს სამტრედიის რაიონში თავი მოიკლა. გარდაცვლილმა დატოვა წერილი, რომელშიც წერია რომ მასზე ერთ-ერთი პოლიციელი ზეწოლას ახორციელებდა.

სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ჩადენაში ბრალდებული, ძებნაში მყოფი გოდერძი თევზაძე კი, 13 სექტემბერს ნებაყოფლობით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში.